
ცესკოს წინასწარი შედეგებით, სააკაშვილი პირველ ტურში იმარჯვებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი შედეგების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ხმათა 52.8%-ით პირველ ადგილზე გავიდა; ხოლო მეორე ადგილი ოპოზიციური კოალიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს უკავია ხმათა 27%-ით.
”ამ შედეგების თანახმად საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი მოთავებული იქნას პირველ ტურში, მაგრამ საბოლოო შედეგები შესაძლებელია შეიცვალოს და ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შეჯამებას,”- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 6 იანვარს საღამოს 11 საათზე გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, წინასწარი შედეგები ეყრდნობა 3 400 უბნიდან ცესკო-ში შესული ოქმების მონაცემებს ან უბნებიდან ზეპირად მიღებულ ინფორმაციას. თარხნიშვილის განმარტებით, ოქმების ნაწილი ცესკომ რთული მეტეოროლოგიური პირობების მიზეზით ან მაღალმთიანი რეგიონებიდან ვერ მიიღო.
წინასწარი მონაცემები არ ასახავს საზღვარგარეთ გახსნილი 40 საარჩევნო უბნის შედეგებს, ერაყიდან და კოსოვოდან 3 სპეციალური უბნის შედეგებს და 5%-ს დამატებითი სიების, რომელიც საუბნო კომისიებმა ცესკოს გაუგზავნეს დასათვლელად.
თარხნიშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ საჩივრების, მათ შორის სასამართლოებში, განხილვის შედეგად შესაძლოა წინასწარი შედეგები კიდევ შეიცვალოს.
მისი თქმით, ოფიციალურის შედეგები 4-7 დღეში შეჯამდება. ამ პროცესის ბოლო ვადა 13 იანვარს იწურება.
წინასწარი შედეგების გამოცხადებისას ცესკოს თავმჯდომარემ არ დაასახელა არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა, ასევე ბათილი ბიულეტენების ოდენობა, რაც ასევე ითვლება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას. მან ასევე არ გაახმოვანა პრეზიდენტობის დანარჩენი 5 კანდიდატის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა აღნიშნა, რომ მათი შედეგები 7%-ის ქვევითაა.
ამ დროისათვის ცესკოს ვებ-გვერდზე 1 438 უბნის შედეგია გამოქვეყნებული.