
სააკაშვილის შტაბი: სერიოზული დარღვევები დაფიქსირებული არ ყოფილა
პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის განცხადებით, ოპონენტების ბრალდებები დარღვევების შესახებ საფუძველს მოკლებულია.
”დილიდან დაწყებულია მცდელობა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები მხრიდან მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და შექმნან ისეთი ფონი თითქოს არჩევნები მიმდინარეობს დარღვევების ფონზე,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ, სააკაშვილის შტაბის სპიკერმა და სახელმწიფო მინისტრმა, ”ხმის მიცემა მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, ძალიან წყნარ და დემოკრატიულ გარემოში… მისასალმებელია, რომ აქტივობა არის ძალიან მაღალი, რაიმე სერიოზული პრობლემა ჩვენი მხრიდან დაფიქსირებული არ ყოფილა”.
ცხრა ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევნებზე დარღვევები ფიქსირდება, თუმცა მისი შტაბი მზადაა რეაგირება მოახდინოს მათზე.
დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების კანდიდატმა, ასევე გამოთქვა პრეტენზიები ”ძალიან ბევრი” დარღვევის გამო.