
”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის ათივე ოლქიდან, ქუთაისის, გორის, ახალციხის და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებიდან, ასევე ზემო აფხაზეთიდან და ლიახვის ხეობიდან მიღებული ინფორმაცია პრეზიდენტობის კანდიდატთა წარმომადგენლების და დამკვირვებელი ორგანიზაციების თანდასწრებით დამუშავდება და გამოცხადება არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში.
ხმების პარალელური დათვლის ჩატარებას გეგმავს ასევე კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც შედეგებს 6 იანვარს გამოაცხადებს.
ორივე ეს ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან ერთად გაერთიანებულია ერთიან მედია-ცენტრში, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგებზე საზოგადოების კოორდინირებული ინფორმირება იგეგმება.