skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი შსკ სხდომის თბილისში ჩატარების წინააღმდეგია

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, სამხრეთ ოსური მხარის წარმომადგენელი არ ჩავა თბილისში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მონაწილეობის მისაღებად და ამის მოტივად ცხინვალი უსაფრთხოების არარსებობას ასახელებს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე ცოტა ხნის წინ შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.


”სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ვერ მიიღებს ამ მოწვევას უსაფრთხოების არარსებობის გამო,” – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  


შერეული საკონტროლო კომისია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფას აკონტროლებს.


შსკ-ში შედიან ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები. თბილისის განცხადებით, კომისიის ფორმატი ”მოძველებული” და ”უსამართლოა”, რადგანაც იქ დომინანტურ როლს რუსეთი თამაშობს. თბილისის სურს, რომ ევროკავშირი აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში რუსეთის დომინანტური როლის დაბალანსების მიზნით.


ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ გასულ თვეს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა ამჟამად არ განიხილება, ახალი ”პოლიტიკური ორგანოს” შექმნა, რომელიც არსებულ შსკ-ს პარალელურად იმუშავებს შესაძლოა სასარგებლო იყოს.


”[სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში] ჩვენ რეალურად არ გვაქვს ფორმატი, რომელსაც იმ ხარისხის პოლიტიკური ძალა გააჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარება უზრუნველყოს. შსკ ბევრ საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს ორგანო მოწოდებულია უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და ეს არის ამ ფორმატის პასუხისმგებლობის არეალი,” – განაცხადა მან. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button