skip to content
ახალი ამბები

თბილისს გაეროს გენერალური მდივანი ხანმოკლე ვიზიტით ეწვია

დღეს თბილისში გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი რამდენიმე საათიანი ვიზიტით ჩამოვიდა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პან გი მუნი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.


პრესისთვის განცხადებები არ გაკეთებულა.


გაეროს გენერალური მდივანი თბილისში დაახლოებით 17 საათზე ჩამოფრინდა ავღანეთიდან, სადაც ოთხსაათიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

თბილისიდან პანგი მუნი ევროპულ ტურნეს განაგრძობს და მათ შორის ეწვევა ჟენევასა და რომს.

პან გი მუნის წინამორბედი კოფი ანანი 2005 წლის ნოემბერში ასევე ხანმოკლე, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია საქართველოს.


”შეხვედრაზე შესაძლოა განხილულიყო ე.წ. გაყინული კონფლიქტები და გაეროს როლის გააქტიურება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ 29 ივნისს.


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button