skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში სემნების სოხუმში შეხვდა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს სოხუმში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში პიტერ სემნები მიიღო. შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მშვიდობიან ატმოსფეროში გაგრძელების და კოდორის ხეობაში არსებული ვითარების საკითხები განიხილეს, იუწყება „აფსნიპრესი“ 28 სექტემბერს.


საუბრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ერთი დიპლომატიური მისია, რომელ ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, აფხაზეთში შეშვებული არ იქნება, თუ მისი ვიზიტის მარშუტი კოდორის ხეობაზე გაივლის.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 სექტემბერს მასმედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმ უცხოელ დიპლომატებს, რომლებიც მოლაპარაკებებისთვის სოხუმში გაემგზავრებიან, კოდორის ხეობაში განთავსებულ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთანაც მოუწევთ შეხვედრა.


„ჩვენ არ გვესაჭიროება შუამავლები, რომლებიც მონაწილეობენ თეატრალიზირებულ პოლიტიკურ სპექტაკლებში“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა. 


დე ფაქტო პრეზიდნეტმა ასევე მწუხარებით აღნიშნა, რომ აფხაზური მხარის სამშვიდობო ინიციატივებს, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების „მომავლის გასაღებს“ და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმების  პროექტს ქართული მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.


თავის მხრივ პიტერ სემნებიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ უცვლელია. „ძალით პრობლემის მოგვარება არ შეიძლება“, – განაცხადა პიტერ სემნებიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button