
საარჩევნო გზამკვლევი
საქართველოს მასშტაბით არსებულ 69 საკრებულოში 1 736 მანდატისთვის 6 პოლიტიკურ ჯგუფს მოუწევს ბრძოლა.
თითოეულ საკრებულოში ადგილების რაოდენობა 14-დან (კოდორში – აფხაზეთი, ერედვში, ქურთასა და თიღვში – ცხინვალის რეგიონი) 41-მდე (ზუგდიდში) მერყეობს, რაც მუნიციპალიტეტში შემავალი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
თითოეულ მუნიციპალურ ერთეულში საკრებულოს 10 წევრი პროპორციული (პარტიული ) სიით იქნება არჩეული, ხოლო დანარჩენ ადგილებს მაჟორიტარულ ოლქებში არჩეული დეპუტატები დაიკავებენ.
შედეგად, საკრებულოს წევრთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებულ მაჟორიტარული ოლქების ოდენობაზე.
დიდ ქალაქებს – ბათუმს, რუსთავს, ფოთს და ქუთაისს- 15–წევრიანი საკრებულო ეყოლებათ. აქაც, 10 ადგილს პარტიული სიით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დანარჩენ ხუთს – მაჟორიტარული სისტემით არჩეულები. ამრიგად, ყველა თვითმმართველი ქალაქი 5 მაჟორიტარულ ოლქად დაიყოფა. ამ ოთხ ქალაქში კანონი არ ავალდებულებს, რომ ქალაქის მერი, თბილისისაგან განსხვავებით, აუცილებლად საკრებულოს შემადგენლობიდან იყოს არჩეული.
თბილისი
თბილისის საკრებულოში 37 ადგილი იქნება. 25 მანდატს მაჟორიტარული სისტემით საუკეთესო შედეგის მქონე პარტიების კანდიდატები მიიღებენ.
თბილისის ათი საარჩევნო ოლქიდან ხუთი სამმანდატიანი იქნება:
1. საბურთალო
2. ისანი
3. სამგორი
4. ნაძალადევი
5. გლდანი
დანარჩენი ხუთი ოლქი ორმანდატიანი იქნება:
1. მთაწმინდა
2. ვაკე
3. კრწანისი
4. ჩუღურეთი
5. დიდუბე
რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, პარტიამ საერთო ხმების სულ ცოტა 1/3 უნდა მოიპოვოს, რათა თავისი კანდიდატები საკრებულოში გაიყვანოს. დარჩენილ 12 ადგილს კი თბილისის ათივე საარჩევნო ოლქში 4%–იან ბარიერ გადალახული პარტიები დაიკავებენ.
37 წევრიანი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან აირჩევს დედაქალაქის მერს. ამ პოსტის დასაკავებლად საკრებულოში სულ ცოტა ხმების 2/3–ის მოპოვებაა საჭირო.
საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 4 წლის ვადით ირჩევა. შესაბამისად, ოთხწლიანი ვადით ირჩევა ქალაქის მერიც.