
დეპუტატებმა ნატოსთან “ინტენსიური დიალოგი” შეაფასეს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა ნატოში გაწევრიანებამდე ანუ “საბოლოო გამარჯვებმდე“ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უწოდეს ნატოსთან “ინტენსიური დიალოგის“ დაწყებას, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი ეს ნატოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისათვის მიცემულ გამოსაცდელ პერიოდად შეაფასა.
“ეს არის პრინციპული ცვლილება ალიანსის დამოკიდებულებაში საქართველოსთან. ჩვენთვის გაწევრიანების კარები გაიღო, რაც შეუქცევადი პროცესია“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება “ინტენსიური დიალოგის“ [ეს ეტაპი 1997 წლიდან მოქმედებს] დაწყებას წლის ბოლოსთვის ელოდა, თუმცა “ყველანაირი ვადა დაირღვა საქართველოს სასარგებლოდ, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ნატოს მხრიდან და საქართველოში მიმდინარე პროცესები ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს მხრიდან ფასდება ცალსახად დადებითად“.
ოპოზიციონერი დეპუტატის კახა კუკავას განცხადებით კი ნატოს წევრობის კანდიდატობამდე (MAP) “შუალედური“ ეტაპი – ინტენსიური დიალოგი – შემოღებული არის იმიტომ, რომ “საქართველოს არც საბოლოოდ უთხრან უარი და არც თანხმობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყდეს ნატოში ინტეგრაციის საკითხი”.
“მე მიმარჩნია, რომ ეს პერიოდი უნდა მოხმარდეს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუხსნან, რომ ისეთი ტიპის ავტორიტარული სახელმწიფო როგორიც არის საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა”, – განაცხადა კახა კუკავამ.
“კაზარმების შენებისა და ძველი ტექნიკის გადაღებვის გამო ნატოში არ მიგვიღებენ… საჭიროა, რომ დემოკრატიული განვითარების გზა იყოს შეუქცევადი“, – განაცხადა ოპოზიციური მრეწველთა ფრაქციის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, “ზოგიერთ ოპონენტს საგანგაშო რეაქცია ჰქონდა“ საქართველოს ახალ ურთიერთობაზე ნატოსთან.
“მოვისმინეთ წყენით და ბოღმით სავსე სიცრუე, ძალიან სამწუხაროა, რომ პროპაგანდა, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ეწევა მთლიანად ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას – თითქოს საქართველო დიქტატურისკენ მიექანება – რამაც შედეგი ვერ გამოიღო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ნატოსთან ურთიერთობებში წინსვლის მთავარი ბარიერი იყო რუსეთის უშედეგო შანტაჟი ევროპის და დასავლეთის მიმართ.
ბოკერიას განცხადებით, “სიცრუეა“ ის მოსაზრება, თითქოს საქართველოს მოსახლეობა ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციას წინააღმდეგობას უწევს.
“განსხვავებით ჩვენი მოკავშიირებისგან [უკრაინა], საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ცალსახად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას იმიტომ, რომ საქართველოში პატრიოტები მხარს უჭერენ გამთლიანებას, უსაფრთხოებას, თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა მან.