
აშშ მხარს უჭერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დამატებით 800 ათაში აშშ დოლარი გამოუყო საქართველოს 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩველთა აქტივობის უზრუნველსაყოფად და სადამკვირვებლო ელემენტის გასაძლიერებლად.
“აშშ–ს მთავრობა დახმარებას უწევს ამომრჩევლის განათლებას, კანდიდატების ტრეინინგებს, არჩევნების მონიტორინგში ორ ადგილობრივ ორგანიზაციას, საქართველოს დიდ ქალაქებში პარალელური დათვლის ჩატარებას და ახალგაზრდებზე გათვლილ კამპანიას, რომელიც არჩევნებზე აქტიურობისაკენ მოუწოდებს“, – იტყობინება 14 სექტემბერს აშშ–ს საელჩო საქართველოში.
გარდა ამისა, ამერიკული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ურბანული ინსტიტუტის (UI) მიმდინარე პროგრამებზე იხარჯება 13 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ხმარდება.
აშშ–ს მთავრობა ასევე მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ პარტიებს ტრეინინგების, სემინარების და სხვა საშუალებებით.
“პოლიტიკური პლურალიზმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოს დემოკრატიული და პოლიტიკური განვითარებისათვის“, – აცხადებს აშშ–ს საელჩო საქართველოში.