
მერაბიშვილი ავნევში პოლიციის ქვედანაყოფებს აძლიერებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს სოფელ ავნევში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც სამი ქართველი პოლიციელი დაიჭრა, განაცხადა, რომ “ეს არის პირდაპირი დაკვეთა მოსკოვიდან“.
“ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუხანათურად ხდება თავდასხმები ჩვენს პოსტებზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის პირდაპირი დაკვეთა მოსკოვიდან, რათა ყურადღების გადმოტანა მოხდეს ამ რეგიონში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცხინვალის რეგიონში ჩასულმა ვანო მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ავნევში სპეცდანიშნულების შემადგენლობა და პოლიციელების გაძლიერებული შემადგენლობა დარჩება, რათა “მოქალაქეებმა, აქ [ავნევში] მცხოვრებმა ადამიანებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ“.
7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში სამი ქართველი პოლიციელი მას შემდეგ დაიჭრა, რაც სოფელ ავნევთან დაუდგენელმა პირებმა მათ კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.