skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ეუთოს ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მოითხოვს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის შემადგენლობის გაზრდას და ასევე საქართველო-რუსეთის საზღვარზე როკის გვირაბის კონტროლს.


“საქართველო-რუსეთის საზღვარზე [როკის გვირაბის] კონტროლი არის საჭირო იმისათვის, რომ არ მოედინებოდეს იარაღი რუსეთიდან ამ [ცხინვალის რეგიონის] ტერიტორიაზე“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალის მთელ რეგიონზე ეუთოს მანდატის გავრცელებას რუსეთი ეწინააღმდეგება.


ამის შესახებ მინისტრმა დღეს ეუთოში ბელგიის ელჩთან ბერტრან დე კრომბრუგესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეუთოში აკრედიტებული ელჩების 13–კაციანი დელეგაცია, რომელსაც ბერტრან დე კრომბრუგე ხელმძღვანელობს, თბილისში ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს 23 ივლისიდან ხვდება, ხოლო 25 და 26 ივლისს, შესაბამისად, ცხინვალსა და სოხუმს ეწვევა.


ბელგიის ელჩმა ეუთოში დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.


“ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ [დე ფაქტო ხელისუფლებას სოხუმსა და ცხინვალში],  რომ თვითგამორკვევა არ არის დამოუკიდებლობის მოპოვების გზა… ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვთ[აფხაზებსა და ოსებს], როგორც საქართველოს ნაწილს“, – განაცხადა ბრიფინგზე ბერტრან დე კრომბრუგემ.


მისი თქმით, ეუთო დაეხმარება საქართველოს შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში უფრო აქტიური მუშაობის დაწყების კუთხით.


“ამ [მოლაპარაკებათა] პროცესის ძირითადი დანიშნულება არის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების სიტუაციის გაკონტროლება და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების მიღწევა“, – დასძინა ელჩმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button