skip to content
ახალი ამბები

გრიზლოვი ქართველ დეპუტატებს ცალმხრივი ქმედებებისაგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთის სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს თავი შეიკავონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისას ცალმხრივი ქმედებებისგან, იუწყება “რია ნოვოსტი“ 20 ივლისს.


“სათათბიროს დეპუტატები მოუწოდებენ ქართველ კოლეგებს გამოძებნონ რეალისტური და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შეიძლება იყოს ცალმხრივი“, – განაცხადა ბორის გრიზლოვმა.


მისი თქმით, ნეგატიურ შედეგებს მოუტანს კონფლიქტის მხარეებს, თუ ქართული მხარის მოწოდებები “მშვიდობიანი მოგვარების ინფრასტრუქტურის მოშლისა და კონფლიქტების დადნობის“ თაობაზე მართლაც განხორციელდება.


სათათბიროს სპიკერი მიიჩნევს, რომ ქართველ დეპუტატებს კონფლიქტების სწრაფი გადაწყვეტა სურთ, მაგრამ “სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილებებმა გააჩაღა თავის დროზე როგორც აფხაზური, ისე სამხრეთ ოსური კონფლიქტები“.


საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს მიღებული დადგენილებით კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, რუსეთი სამშვიდობოების მეშვეობით “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობაში“ დაადანაშაულა.  დადგენილებაში ასევე ნათქვამია, სამშვიდობოები “ერთ–ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“.

“ისინი ვინც ამბობს, რომ პრობლემა რუს სამშვიდობოებშია, უკეთეს შემთხვევაში ღრმად ცდება. კონფლიქტი რუს სამშვიდობოებს არ დაუწყიათ“, – დასძენს გრიზლოვი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button