skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში 11 ივლისს მისი გამოსვლის მთავარი მიზანი იყო მეგობარი ქვეყნების ინფორმირება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, “რათა სიურპრიზი არ ყოფილიყო მათთვის ის დადგენილება, რომელსაც პარლამენტი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე მიიღებს“.

პარლამენტი აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე სავარაუდოდ, 17 ივლისს იმსჯელებს, 15–17 ივლისს სანკტ–პეტერბურგში დაგეგმილი დიდი რვიანის სამიტის დასრულების შემდეგ. 


“ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ვუჭერთ მხარს, მაგრამ დღევანდელი მანდატის შენარჩუნების შემთხვევაში კონფლიქტი მშვიდობიანად ვერ დარეგულირდება, რადგან სამშვიდობოები რეალურად სასაზღვრო ჯარების ფუნქციას ასრულებენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მან დეპუტატებს განუცხადა, რომ მისი გაეროში “მწვავე, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტური“ გამოსვლა უპრეცედენტო იყო, რადგან უშიშროების საბჭო სამთავრობათაშორისი ინსტიტუტია.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენლის ‘არაადეკვატურ“ რეაქციაზე პასუხის საშუალება უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ საფრანგეთის წარმომადგენელმა მას არ მისცა.


“თუმცა მოხსენება აბსოლუტურად ფარავდა კონფლიქტის ზონაში 1993 წლიდან არგუმენტირებულ და ფაქტებით დადასტურებულ მდგომარეობას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


მან ასევე ისაუბრა ბრიუსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვიზიტზე, სადაც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებზე მისი კანდიდატურა რუსეთის მიერ წარმოებული ანტიქართული კამპანიის გამო ვერ გავიდა.


“ვინც ელის რომ მე ეუთოს დავტოვებ, მინდა გავუცრუო იმედები და განვაცხადო, რომ ამ ორგანიზაციაში ისევ დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს, რაც სხვათა შორის, ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ წამოყენებული ძირითადი არგუმენტი იყო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button