
იგორ გიორგაძე მოსკოვში საჯაროდ გამოსვლას გეგმავს
საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი იგორ გიორგაძე, რომელიც ტერორიზმის ბრალდების გამო საქართველოს მიერ იძებნება, 24 მაისს მოსკოვში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, იტყობინება რუსული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, იგორ გიორგაძე, რომელიც 1995 წელს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებისათვის ინტერპოლის მიერ იძებნება, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთს აფარებდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ მისგან რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა რამდენჯერმე აიღეს ინტერვიუ, გიორგაძე საჯაროდ რუსეთში არასდროს გამოჩენილა.
თუმცა, 23 მაისს რუსული მედია იტყობინებოდა რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილის ვლადიმერ კოლესნიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მოსკოვი მზად არის გიორგაძეს პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს. საქართველომ უკვე დაგმო რუსეთის ეს განცხადება.
“იგორ გიორგაძეს, რომელსაც ტერორიზმში ედება ბრალი, პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში მიანიჭეს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც უჩვენებს, თუ რა სახის პრობლემები იქმნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 მაისს სუამის სამიტზე გამოსვლისას.
23 მაისს პარტია სამართლიანობის რამოდენიმე ასეული აქტივისტი, რომლის ლიდერიც იგორ გიორგაძეა, სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბა და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა.
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “გორბის” მიერ 2005 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში იგორ გიორგაძე ხმების მხოლოდ 1% მოიპოვებს.