ახალი ამბები

IFC და EBRD თბილისის და ბათუმის აეროპორტების მშენებლობას დააფინანსებენ

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) TAV Urban Georgia-სთვის 54 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოყოფენ თბილისის და ბათუმის აეროპორტების რეკონსტრუქციის მიზნით.


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ცნობით, IFC და EBRD სათითაოდ 27 მილიონ დოლარს გამოყოფენ. შეთანხმებას სესხის გამოყოფის თაობაზე 17 მაისს სტამბოლში მოეწერა ხელი.


აეროპორტების ჰოლდინგმა TAV–მა , თურქეთის სამშენებლო კომპანია Urban-თან ერთად, რომელიც ერთობლივ საწარმოში TAV-ის პარტნიორს წარმოადგენს, 2005 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. 2006 წლის იანვარში თბილისის აეროპორტში დაიწყო ასევე ახალი ტერმინალის მშენებლობა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყების ცერემონია 2006 წლის მაისში გაიმართა. ორივე პროექტის მთლიანი დაფინანსება სავარაუდოდ, 77 მილიონი აშშ დოლარი იქნება.


თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნა დაგეგმილია 2006 წლის ნოემბერში, დასრულების შემდეგ ის საათში 1500 მგზავრს მოემსახურება.


“ორივე აეროპორტის გაფართოების და მოდერნიზაციის ხელშეწყობით, IFC -ის დაფინანსება TAV Georgia-ს დაეხმარება გაზარდოს აეროპორტის სიმძლავრე და აამაღლოს ეფექტურობა და ფუნქციონირების სტანდარტები ქვეყანაში ბიზნესისა და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ორივე აეროპორტში”, – განაცხადა IFC-ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორმა ფრანცისკო ტურეილესმა.


TAV Georgia-ს დაფინანსება IFC -ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. სესხის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით EBRD-ის საინვესტიციო მაჩვენებელი საქართველოში 450 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Back to top button