
ბათუმის ბაზიდან რუსული სამხედრო ტექნიკის 6 ეშელონი გაიგზავნება წელს სომხეთში
რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწის იგორ კონოშენკოვის განცხადებით, ბათუმში განლაგებული რუსეთის მე–12 სამხედრო ბაზიდან სამხედრო ტექნიკით დატვირტული პირველი ეშელონი სომხეთში, გიუმრის რუსულ ბაზაზე 25 მაისს გაიგზავნება, იუწყება 17 მაისს “ინტერფაქსი“.
კონოშენკოვის ინფორმაციით, 2006 წლის განმავლობაში გიუმრის 102–ე ბაზაზე სულ ექვსი, სამხედრო ტექნიკითა და სხვა ქონებით დატვირთული, ეშელონის გაგზავნა იგეგმება.
“ინტერფაქსი“ ბათუმის ბაზის მეთაურის ანატოლი დანილოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ 2006 წელს ქართულ მხარეს ორი სამხედრო ობიექტი გადმოეცემა.
“წელს ჩვენ ვგეგმავთ ქართულ მხარეს გადავცეთ სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი სანატორიუმი მახინჯაურში და ასევე საარტილერიო პოლკის სამხედრო დასახლება ბათუმში“, – განაცხადა დანილოვმა 17 მაისს.
2005 წლის განმავლობაში ბათუმის ბაზის 4 კუთვნილი ობიექტი, მათ შორის გონიოს პოლიგონი, გადმოეცა ქართულ მხარეს, მძიმე ტექნიკის ნაწილი კი საზღვაო გზით იქნა გატანილი რუსეთში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით ბაზების გაყვანის პროცესის დაფინანსებაში, რომელიც საქართველო–რუსეთის შეთანხმებით 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, შეფერხებები არ იქნება.