
აფხაზეთის სამშვიდობო გეგმა აგვიანებს
საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის შემუშავებაზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედებათა გეგმა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით.
პარლამენტმა გასულ ოქტომბერში სამშვიდობოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებით მთავრობას აფხაზეთთან მიმართებაში სამშვიდობო გეგმის შემუშავება 1 მაისამდე დაავალა.
თუმცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას და ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ირაკლი ალასანიას აპარატებში ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის იქნება მზად სამშვიდობო გეგმა, მაგრამ აცხადებენ, რომ მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
პარლამენტის იმავე დადგენილების შესაბამისად მთავრობამ დეკემბერში უკვე წარადგინა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ეუთომ, ევროკავშირმა და აშშ–მ.