
სოხუმი გუდაუთის ბაზის შესაძლო მონიტორინგში ქართული მხარის მონაწილეობის წინააღმდეგია
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2001 წელს გაიყვანა სამხედრო ბაზა გუდაუთიდან, მაგრამ რუსეთისა და ეუთოს გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩატარდეს “ყოფილი ბაზის“ ინსპექტირება, სოხუმი მხოლოდ იმის წინააღმდეგი იქნება, რომ ქართულმა მხრემ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, იუწყება 13 აპრილს “აფსნიპრესი“.
თბილისი დიდი ხანია ითხოვს ჩატარდეს გუდაუთის ბაზაზე საერთაშორისო კომპლექსური და არა ერთჯერადი მონიტორინგი იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთმა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულება შეასრულა და ბაზა გაიყვანა საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონიდან.
აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებული იყო რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე 2005 წლის 30 მაისის რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, თუმცა 2006 წლის 31 მარტს თბილისსა და მოსკოვს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა რატიფიცირება 13 აპრილს გაუკეთა, გუდაუთის ბაზაზე არაფერია ნათქვამი.
13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ დაადასტურა, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გუდაუთის ბაზის საერთაშორისო ინსპექტირების საკითხი კვლავაც დღის წესრიგში დგას.
“ეს საკითხი რუსეთისა და ეუთოს ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება“, – აცხადებს სერგეი შამბა, თუმცა აქვე დასძენს, რომ გუდაუთის ბაზის მონიტორინგის საჭიროება არ არსებობს, რაშიც დარწმუნდა ეუთოს კომისია.
მას მხედველობაში ჰქონდა 2002 წლის ეუთოს ოქმში მოხსენებული ეუთოს სამხედრო ექსპერტთა “გამჭვირვალე“ ვიზიტი გუდაუთის ბაზაზე, რომელიც იქცა “ქვაკუთხედად გუდაუთის ობიექტის სწრაფი და სამართლებრივი გადაცემის გზაზე“.
“თუ რუსეთი და ეუთო მიიჩნევენ საჭიროდ ყოფილი გუდაუთის ბაზის მონიტორინგს, მაშინ ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შამბამ 13 აპრილს.
თუმცა მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ სოხუმი ამ მონიტორინგში ქართული მხარის მონაწილეობას არ დათანხმდება. “ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ბაზის ინსპექტირებაში ქართული მხარის მონაწილეობის“, – განაცხადა შამბამ.
“აფსნიპრესი“ აფხაზეთში რუს სამშვიდობოთა მეთაურის სერგეი ჩაბანის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამჟამად გუდაუთის ბაზაზე განლაგებულია სამშვიდობოების კუთვნილი 4 ვერტმფრენი და 130 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მანდატის შესაბამის ამოცანებს ასრულებენ.