ახალი ამბები

რუსეთი საქართველოდან ბაზების გაყვანის და ტრანზიტის შესახებ შეთანხმებებს განიხილავს

რუსეთის ფედერაციის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საქართველოსთან მიღწეულ შეთანხმებას 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პერსონალის და ტვირთების საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის თაობაზე, იტყობინება “რია ნოვოსტი”.   


ხუთწლიანი შეთანხმება, რომელიც უკვე შეთანხმებულია ქართულ მხარესთან, ავალდებულებს რუსეთს არ გადასცეს საქართველოს ტერიტორიის გავლით გაყვანილი ტექნიკა და შეიარაღება მესამე ქვეყანას. გასაყვანი სამხედრო ტვირთის რაოდენობა რუსეთსა და საქართველოს შორის წინასწარ იქნება შეთანხმებული წელიწადში ერთხელ.


რუსეთი ასევე იღებს ვალდებულებას არ მოახდინოს ბიოლოგიური, ბირთვული და ქიმიური ნივთიერებების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის და მისი კომპონენტების ტრანსპორტირება.  


შეთანხმების პროექტის თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტზე უარი განაცხადოს, თუ სამხედრო ტვირთის მოძრაობა საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას და თუ სამხედრო ტვირთის დანიშნულების ადგილი კონფლიქტის ზონებში ან ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებშია.    


დღესვე რუსეთის ფედერაციის მთავრობა განიხილავს რუსული სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების 2008 წლის ბოლომდე გაყვანის შესახებ საქართველოსთან მიღწეულ შეთანხმებას, იუწყებიან “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი”.


შეთანხმების პროექტი ეფუძნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს შორის 2005 წლის მაისში მიღწეულ შეთანხმებას. რუსეთმა იკისრა ვალდებულება თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან 2008 წლამდე გაიყვანოს.  


შეთანხმების პროექტი მთავრობას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარუდგინა, რომლის განცხადებითაც, პროექტი წინასწარ არის შეთანხმებული ქართულ მხარესთან.


რუსეთის მთავრობამ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შეთანხმება წარედგინოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხელმოსაწერად.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საქართველოდან რუსული ბაზებისა და სამხედრო ობიექტების გაყვანის მიზნით 2006 წელს ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება 836,7 მლნ რუბლი (დაახლოებით 29,8 მლნ აშშ დოლარი), 2007 წელს  – 820,5 მლნ რუბლი (დაახლოებით 29,2 მლნ აშშ დოლარი) და ბოლო, 2008 წელს  – 510,6 მლნ რუბლი (დაახლოებით 18,2 მლნ აშშ დოლარი), იტყობინება “ინტერფაქსი”.

Back to top button