
მთავრობა ლუსტრაციის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტს აკრიტიკებს
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა 23 თებერვალს გააკრიტიკა კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ, რომელიც ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ მიერ იქნა შემუშავებული.
კანონპროექტი იმ პირებზე ვრცელდება, ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და მათ სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურს უკრძალავს.
დეპუტატებმა კანონპროექტი 23 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განხილვის დროს განაცხადა, რომ კანონპროექტი არ იქნება ეფექტური, რადგანაც საქართველოს არ გააჩნია მექანიზმები იმ აგენტების გამოსავლენად, რომლებიც KGB-ში მსახურობდნენ. აგენტების მონაცემთა ბაზა ამჟამად მოსკოვშია და ქართული მხარისთვის მიუწვდომელია, განაცხადა მან.
პარლამენტარებმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ მხარი დაუჭირეს გიორგი ხუროშვილის პოზიციას.