skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამშვიდობოებზე გადაწყვეტილებას თბილისი პასუხისმგებლობით მიუდგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი “ვრემია ნოვოსტეი”–სთან ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილების მიღებას სრულ პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.


“ჩვენი პოზიცია ნათელია: სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და ჩვენ არა გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა მათი უფლებების და ამასთან, რეგიონში სტაბილურობის დაცვისა“, – აცხადებს კარასინი.


მისი შთაბეჭდილებით, საპარლამენტო მოსმენის წინ, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ბედი უნდა გადაწყდეს, “საქართველოს სამხედრო უწყება შეგნებულად ძაბავს სიტუაციას“.


კარასინს ნათელ მაგალითად მოჰყავს 31 იანვრიდან 1 თებერვლის ღამეს რუს სამშვიდობოებსა და ქართველ ძალოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირება.


“პროვოკაცია, როგორც ჩანს გათვლილი იყო იმაზე, რომ რუს სამშვიდობოებს ნერვები უმტყუნებდათ“, – აცხადებს კარასინი და დასძენს, რომ რუსული მხარის დამსახურებით ძალისმიერი სცენარი არ განვითარდა, “ხომ შეიძება, რომ სხვაგვარადაც ყოფილიყო“.  


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე კომენტარს აკეთებს რუსეთ–საქართველოს ჩარჩო ხელშეკულების თემაზეც. რუსული მხარის მიდგომაა, რომ ხელშეკურლბამ უნდა შეაჯამოს გარკვეული შედეგები, თანამედროვე ეტაპზე დააგვირგვინოს ქართულ–რუსული ურთიერთობები და ორმხრივი ურთიერთობების ახალი კონტურები გამოკვეთოს.


“სამწუხაროდ, რუსულ–ქართულ ურთიერთობებში არსებული ატმოსფერო, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის წინსვლას“, – აცხადებს კარანისი.

მსგავსი/Related

Back to top button