
ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტი” პარლამენტში ძალოვანი მინისტრების მისვლას ითხოვს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ახალი ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლებმა სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პარლამენტში გამოცხადება მოითხოვეს.
“ეს უკვე პარლამენტის უპატივცემულობაში გადაიზარდა…და განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეს საკითხი მაშინ, როცა პარლამენტის უპატივცემულობის გამო ერთ–ერთი მინისტრი [ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი] თანამდებობიდან გაათავისუფლეს“, – განაცხადა 25 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ახალი ფრაქციის წევრმა, “კონსერვატორმა“ კახა კუკავამ.
“კონსერვატორები“, რომლებიც “დემოკრატიული ფრონტში“ არიან გაერთიანებულები, ძალოვანი მინისტრების პარლამენტში გამოცხადებას ექვსი თვეა, რაც მოითხოვენ.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალოვანი მინისტრები პარლამენტში გამოცხადდებიან და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. “არანაირი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას არ ვაპირებს”, – დასძინა ბურჯანაძემ.
სამთავრობო საათი პარლამეტში 27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.