skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავა: აფხაზეთი უნდა დათანხმდეს დევნილების მიღებაზე

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ 6 ოქტომბერს “რია ნოვოსტის“ განუცხდა, რომ სოჭში გალის რაიონში დევნილების დაბრუნების თაობაზე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები “რთულად“ მიმდინარეობს.


მისი თქმით, განსაკუთრებულ სირთულეს გალის რაიონში უკვე დაბრუნებული დევნილების რეგისტრაციის ჩატარებისთვის უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მინისტრის თქმით, “რეგისტაცია საჭიროა იმისთვის, რომ დადგნიდეს რეალურად გალის რაიონში დაბრუნებული დევნილების რაოდენობა“.


ხაინდრავას თქმით, “თუ დევნილების დაბრუნების და მათი უსაფრთხოების შესახებ გამოინახება საერთო ენა, მაშინ ეს საშუალებას მოგვცემს სხვა საკითხებზეც გამოინახოს ურთიერთგაგება, მათ შორის [საქართველო-რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით] სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ“, –  განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


მან შეხვედრაზე ასევე დააყენა გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხი. “სამწუხაროდ სრული ურთიერგაგება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული არ არის… ვფიქრობ ასეთი შეხვედრები სწორედ იმისთვის იმართება, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება“, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.


ქართულ-აფხაზური ორდღიანი მოლაპარაკებები სოჭში 6 ოქტომბერს დაიწყო. აფხაზურ დელეგაციას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელმძღვანელობს. შეხვედრას საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინიც ესწრება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button