ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციები შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან







ცსკ–ს თავმჯდომარე გია ქავთარაძე აცხადებს, რომ
არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. თუმცა,
ოპოზიცია საარჩევნო სიებზე პრეტენზიებს გამოთქვამს.
1 ოქტომბრის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების დათვლა 20:00 საათზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუთი საარჩევნო ოლქის 223 უბანი დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების წინასწარ შედეგებს სავარაუდოდ 2 ოქტომბერს  გამოაცხადებს.


არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა ისმოდა ოპოზიციური პარტიების ბრალდებები, რომლებიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თქმით, არჩევნების პროცესი „სერიოზული“ დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა მათი განცხადებით, საარჩევნო სიებში გარკვეული პრობლემები არსებობდა. 


არჩევნები ქობულეთის, ბათუმის, შუახევის, ტყიბულის და ისნის საარჩევნო ოლქებში ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ ხუთივე ოლქში 165,404 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


“ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მთავარი კონკურენტები ოთხი ოპოზიციური პარტიაა: ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია, რომლებიც გაერთიანდნენ და 17 სექტემბერს გამართული პრაიმერის გზით თითოეულ ოლქში ერთიანი კანდიდატები შეარჩიეს.


ცსკ-ს ცნობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ტყიბულის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 56%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ტყიბულში სულ 18,000 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შუახევში ამომრჩეველთა 52%-მა მისცა ხმა, ქობულეთში – 38%, ისანში – 22%. დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა – 21%.


თუმცა, ამ არჩევნების ჩატარებულად გამოცხადება არ არის დამოკიდებული ამომრჩეველთა აქტივობაზე. გასულ წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მხოლოდ შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3–ს მაინც უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამდენად, მიმდინარე არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის ამომრჩეველთა მინიმალური აქტივობაც საკმარისია.


იმისათვის, რომ მაჟორიტარი კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდეს, უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეთა (თეორიულად ეს შეიძლება ერთი ამომრჩეველიც იყოს) ხმების არანაკლებ 1/3.  


ამომრჩეველთა სიები








ამომრჩევლები მარკირებას ორჯერ ხმის მიცემის
თავიდან არიდების მიზნით გადიოდნენ.
ოპოზიციური პარტიების კრიტიკის მთავარ საგანს ამომრჩეველთა სიები წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ამომრჩეველმა საერთოდ ვერ იპოვა თავისი გვარი სიებში და ამიტომ ხმაც ვერ მისცა.


“ისნის ამომრჩეველთა სულ ცოტა 9%-ს ჩამოერთვა უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, რადგანაც ისინი საარჩევნო სიებში არ იყვნენ“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 1 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა, კონსერვატორებმა, თავისუფლებამ და ლეიბორისტულმა პარტიამ “ახალი მემარჯვენეების“ წევრი გიორგი მოსიძე ამ ოლქში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად დაასახელეს, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა პრაიმერში გამარჯვება მოიპოვა.


“კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ 30 სექტემბერს ღამით “ათასობით ადამიანი გააქრეს სიებიდან, ხაზს ვუსვამ, რომ რეგისტრირებული ამომრჩეველი. ამის შემდეგ მოიტანეს ახალი ე.წ სამაგიდო სიები, რომელიც განსხვავდება გამოკრული სიებისაგან“.  


ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას“ და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელთა განცხადებით, რომლებიც  ხუთივე საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, გარკვეული პრობლემები შეინიშნებოდა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ ხმის მიცემა ვერ შეძლო.


“ძირითადი დარღვევები სიებთან დაკავშირებით დაფიქსირდა“, – განაცხადა  „ახალი თაობა –ახალი ალტერნატივას“ წარმომადგენელმა გოგი იონათამაშვილმა, “თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან განსაკუთრებული ტენდენციის სახე მიიღო, ასევე იყო დარღვევები არჩევნების ორგანიზების თვალსაზრისითაც“.


როგორც “სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა  თამარ ჟვანიამ “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, სიებთან მიმართებაში ორი სახის პრობლემა დაფიქსირდა.


“პირველი – თავად ფაქტი, რომ ამომრჩევლები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, სიებში არ იყვნენ შეყვანილი და შესაბამისად არ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, მათ არჩევნებისადმი ნდობას უკარგავს; მეორეც, თავად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიებში აღმოჩნდა დარღვევები. მაგალითად, ერთი უბნის ამომრჩეველი მეორე უბნის სიაში იყო მოხვედრილი, ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა დუბლირების ფაქტები. ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ასევე საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან პროცედურული დარღვევები“, – აცხადებს თამარ ჟვანია.


არჩევნების წინ ჩატარებულ სატელევიზიო კამპანიაში ცსკ მოუწოდებდა ამომრჩევლებს შეემოწმებინათ თავიანთი გვარები ამომრჩეველთა სიებში, რადგანაც კანონი კრძალავს რეგისტრაციას არჩევნების დღეს.


თუმცა, ქართულმა ტელეკომპანიებმა 1 ოქტომბერს გადასცეს ინტერვიუები ამომრჩევლებთან, რომელთა თქმითაც მათ გაიარეს წინასაარჩევნო რეგისტრაცია, თუმცა მათი გვარები არ აღმოჩნდა სიებში.


ამ განცხადებებმა უბიძგეს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შუადღისთვის პრეს-კონფერენცია გაემართათ.


მმართველი პარტიის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ადამიანი, რომელსაც არ მიუღია არცერთ ბოლო არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნებამდე არ გაიარა რეგისტრაცია, „ის არც უნდა იყოს სიაში და ამაში არანაირი დარღვევა არ არის“.


“დარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ წინა არჩევნებში მონაწილე ან რეგისტრაცია გავლილი ამომრჩეველი არ აღმოჩნდებოდა სიაში, ჩვენი მონაცემებით ასეთი შემთხვევები არის უკიდურესი გამონაკლისი  – სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები“, – დასძინა ბოკერიამ.


ცსკ-ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიებში არყოფნა არ უნდა ჩაითვალოს დარღვევად.


აგიტაცია არჩევნების დღეს


არჩევნების დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი კანდიდატების მხარდამჭერმა კამპანიამ გარკვეული წინააღმდეგობა გამოიწვია. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის მიერ დაქირავებული სამაშრუტო ტაქსები ემსახურებიან ამომრჩვლებს მათი საარჩევნო უბნებამდე მიყვანის მიზნით.


ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა სამარშრუტო ტაქსები, რომლებზეც ისნის რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ბიძინა ბრეგაძის პლაკატი იყო გაკრული.


გიგა ბოკერიამ 1 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად, რადგანაც კანონი არჩევნების დღეს მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშულებებით აგიტაციას უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს.


“ტელეეკრანების ან გაზეთების მიღმა საკუთარი ამომრჩევლების ორგანიზებას ან მათთვის დახმარების გაწევას უბნებზე მისასვლელად – ეს კანონით დაშვებულია ყველასთვის,  მათ შორის ნაციონალური მოძრაობისთვისაც და მათი ოპონენტებისთვისაც“, – განაცხადა ბოკერიამ.


“სამწუხაროდ კანონი იძლევა იმის საფუძველს, რომ არჩევნების დღეს აგიტაცია, პროპაგანდა, ამომრჩევლების მასიური “გადაზიდვა” დარღვევად არ ითვლებოდეს. ეს და სხვა საკანონმდებლო ხარვეზები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თამარ ჟვანიამ.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების დროისათვის არცერთი საჩივარი ცსკ–ში არ იყო შესული.

Back to top button