skip to content
ახალი ამბები

აბაშიძე ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას ცდილობს

ახალი მოძრაობა აჭარაში ვადამდელ არჩევნებს ითხოვს








სააკაშვილი და აბაშიძე ბათუმში სამხედრო აღლუმს
აკვირდებიან.

მაშინ როდესაც აჭარაში სულ უფრო მატულობს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრივი მოძრაობები, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.


ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული აჭარა,“ რომლის დამფუძნებელი ყრილობა 27 იანვარს თბილისში გაიმართა, მიზნად აჭარის ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლას ისახავს. “დემოკრატიული აჭარის” წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აბაშიძის კონტროლქვეშ მყოფი ამჟამინდელი უზენაესი საბჭო ხუთი წლის ვადით2002 წელს იქნა არჩეული.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ზურაბ ჟვანიას პარტიის “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი ედვარდ სურმანიძეა. ქართულ მედიაში უკვე გაჩნდა ვარაუდები, რომ ხელისუფლება სურმანიძეს აბაშიძის შემცვლელად მოიაზრებს.

სულ ახლახანს დაფუძნდა და უკვე აქტიურად მოქმედებს კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარა,“ რომლის დამფუძნებლები ძირითადად რესპუბლიკური პარტიისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. ამ მოძრაობის წევრები უფრო რადიკალურები არიან და აბაშიძის გადადგომას მოითხოვენ.

მზარდი ოპოზიციის მიუხედავად აბაშიძე, როგორც ჩანს დარწმუნებულია თავის ძალებში და გადადგომას არც აპირებს.

„ჩემი სკამის შერყევა რთული იქნება“ – განუცხადა ბათუმში შეკრებილ ათასამდე მომხრეს აჭარის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ.

აბაშიძემ უკვე გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, რომლითაც ცდილობს დაანახოს ახალ ხელისუფლებას, რომ იგი თანამშრომლობისთვის მზად არის. მან 25 იანვარს ბათუმში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აჭარის დედაქალაქში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მიძღვნილ აღლუმს დაესწრო, ჩოლოქზე წლების განმავლობაში არსებული ე.წ. ბლოკპოსტი გაუქმებული დაახვედრა.

“დიდი მნიშვნელობა აქვს აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩოლოქზე ბლოკპოსტების მოხსნას, რომელიც სხვა პრობლემებთან ერთად, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს უქმნიდა მოქალაქეებს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ცენტრსა და რეგიონს შორის დიალოგი უნდა გაიმართოს; არის არასწორი ფორმულირება, თითქოს არსებობს პრობლემები, ეს რეგიონს შეურაცხყოფას აყენებს, რადგან აჭარა, მთელი ორგანიზმის – საქართველოს ერთიანი ნაწილია” – განაცხადა სამხედრო აღლუმის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ასლან აბაშიძემ.

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის ვითარება დარეგულირდეს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის ლიდერსა და საქართველოს ახალ პრეზიდენტს ასევე ერთსაათიანი კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრიდან გამოსულები კი საუბრის დეტალებს არ აკონკრეტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისაუბრეს მომავალ ურთიერთობებზე. 

მართალია თბილისში პრეზიდენტის ინაუგურაციას თავად ასლან აბაშიძე არ დასწრებია, მაგრამ აჭარის დელეგაცია აჭარის პარლამენტის წევრის, ასლან აბაშიძესთან ერთ-ერთი დაახლოებული პირის ასლან სმირბას ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.

აჭარის ტელევიზიამ, რომელიც აქამდე ახალ ხელისუფლებას მუდმივად ნეგატიურად წარმოადგენდა, 25 იანვარს გაუშვა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ხვდებიან ბათუმელები სააკაშვილს. „აღლუმის შემდეგ სააკაშვილი ხალხში გავიდა, რომელიც პრეზიდენტს ოვაციებით შეხვდა“ – ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.

თუმცა აჭარის ტელევიზიას არ გადმოუცია, თუ როგორ დაარბია პოლიციამ აბაშიძის მოწინააღმდეგეთა მიტინგი სააკაშვილის ბათუმიდან გამგზავრების შემდეგ. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებზეც მიიტანეს იერიში.

“სამართალდამცავებმა ჩვენს ფოტოკორესპონდენტს ფოტოკამერა წაართვეს, სადაც ასახული იყო ყველა ის მოვლენა, რაც მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ დაფიქსირდა, თუმცა ამ დაპირისპირების შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორმა მზია ამაღლობელმა.

დარბევასთან დაკავშირებით არც ცენტრალურ ხელისუფლებას მოუხდენია რეაგირება. იმ დროს ამისთვის ხელისუფლებას აღარ ეცალა. სააკაშვილი საკონსტიტუციო ფიცს დებდა.

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ აბაშიძის ცენტრალური ხელისუფლებისადმი შეცვლილი ტონის მიუხედავად, ახალი მთავრობა მაინც ვერ შეეგუება აბაშიძის რეჟიმს აჭარაში.

“ასლან აბაშიძის წასვლა გარდუვალია. პრობლემა მხოლოდ ის არის, დათმობს თუ არა იგი პოსტს ისე, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა, თუ ბოლომდე იბრძოლებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რადიკალურ მეთოდს გამოიყენებს” – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ივლიანე ხაინდრავამ.

მრავალი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ აბაშიძეს დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომ შესაძლოა მან ხელისუფლების შესანარჩუნებლად რადიკალურ ზომებს მიმართოს. „ეს ცუდი იქნება პირველ რიგში მოსახლეობისთვის, მეორეს მხრივ კი თავად ასლან აბაშიძესთვის“ – აცხადებს ხაინდრავა.

ვადამდელი არჩევნების ჩატარება აჭარაში და ამ გზით აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლა ქუჩის აქციების ალტერნატივად განიხილება. თუმცა ამ შემთხვევაში ეს პროცესი დროში გაიწელება. ამასობაში კი ხელისუფლებას ალბათ კვლავ მოუწევს აჭარის ხელისუფლების უკანონობებზე თვალის დახუჭვა, ისევე როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.

ამასთან აუცილებელი იქნება არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარება, რათა გამოირიცხოს გაყალბება, რაც აჭარაში არა ერთხელ დაუფიქსირებიათ დამკვირვებლებს.

მსგავსი/Related

Back to top button