
ახალი ამბები
აშშ მხარს უჭერს საქართველოს რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საქმეში
![]() |
საქართველოში რუსულ ბაზებზე დაახლოებით 2,000 რუსი სამხდრო მოსამსახურე იმყოფება. |
1999 წლის ეუთოს სტამბულის ხელშეკრულება ნათლად ავალებდა ქართულ და რუსულ მხარეებს 2001 წლამდე მიეღწიათ შეთანხმება ბაზების გამოყვანის ვადებზე. თუმცა, მათ ვერ შეძლეს აღებული ვალდებულების შესრულება. თბილისის განცხადებით, მოსკოვის წინადადება 10 წლის ვადაში ბაზების გაყვანის თაობაზე არარეალურია და ამისათვის სამი წელიწადიც საკმარისია.
„არ მოხდება ჩვენი ჯარისკაცების, ოფიცრებისა და შეიარაღების გამოყვანა ტრიალ მინდორში, როგორც ეს თავის დროზე გერმანიაში მოხდა [90-იანი წლების დასაწყისში]“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განცხადებით, რუსეთი მას შემდეგ გამოიყვანს თავის ბაზებს საქართველოდან, როცა ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თბილისსა და მოსკოვს შორის. „გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გამოყვანის თაობაზე მხოლოდ დიპლომატიურ ჩარჩოებში იქნება მიღებული“, – აღნიშნა ივანოვმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ რუსეთის ბაზები გაყვანილ იქნას საქართველოდან საჭიროა მათთვის ახალი გარნიზონების აშენება რუსეთში, ხოლო შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეძლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „რუსეთი 500 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს ბაზების გაყვანის დასაჩქარებლად“.
„ეს მოლაპარაკების საგანია. ჩვენი აზრით, ბაზების გამოსაყვანად ბევრად უფრო ნაკლები დაფინასებაა საჭირო ვიდრე რუსეთი ითხოვს“ – დასძინა მინისტრმა.
თედო ჯაფარიძე ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისტრმა 14 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო ბაზების საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს. „მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იქნება“, – დასძინა ჯაფარიძემ.
ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა გააძლიერა მცდელობა პრობლემის მოსაგვარებლად და მოსკოვს რამდენჯერმე მოუწოდა აღებული ვალდებულებები.
„იმედი გვაქვს, რომ რუსეთი შეასრულებს სტამბულის ხელშეკრულებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 13 იანვარს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ, რომელიც 13 იანვარს იმყოფებოდა თბილისში, განაცხადა, რომ „აშშ-მა ერთხელ უკვე დააფინანსა ვაზიანიდან სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი და მოხარული იქნება ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს“.
ლინ პასკოს თქმით, ვაშინგტონი ურჩევს რუსეთს, როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, რომ პატივი სცეს აღებულ ვალდებულებებს და გაიყვანოს ბაზები იმ ტერიტორიებიდან „სადაც ისინი არ სჭირდებათ“.
აშშ-ის ნატოს კომიტეტის პრეზიდენტმა ბრიუს ჯექსონმა 14 იანვარს საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზები არა მარტო რუსეთსა და საქართველოს ეხება, არამედ მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცის ინტერესის სფეროა.
როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს განახლებული დაპირისპირება ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებულ ორი ბაზას უკავშირდება.
პრობლემატურია ასევე გუდაუთის სამხედრო ბაზის საკითხი, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. რუსეთის განცხადებით, მან უკვე გამოიყვანა თავისი ჯარები და შეიარაღება გუდაუთიდან, მაშინ როცა ქართული მხარე ამ საკითხს ეჭვის ქვეშ აყენებს და ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს, რადგანაც რეგიონი საქართველოს კონტროლს არ ექვემდებარება.
გარდა გუდაუთის, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებისა, რუსეთის კიდევ ხუთი სამხედრო ობიექტია განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამ ობიექტების საკითხიც მოუგვარებელი რჩება.
ეს ობიექტებია: იარაღის საცავი და აბანო თბილისში, სამხედრო სანატორიუმი ქობულეთში, ორი სამხედრო ბანაკი, რომლებიც ახალქალაქის ბაზას ეკუთვნის, და ჯავშანტექნიკის სარემონტო ქარხანა თბილისში.
ბათუმსა და ახალქალაქში სამხედრო ბაზების გაუქმება საქართველოს შიდა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის დასაყრდენად არის მიჩნეული.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც რუსეთის მეორე ბაზაა განლაგებული, თურქეთის საზღვართან მდებარეობს და ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. ახალქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 15% რუსეთის ბაზაზეა დასაქმებული. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ბაზის გუქმება რეგიონში უმუშევრობის პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს.
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა საქართველოში საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ გასულ ივლისს გაეროში გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობის პრობლემებს ეძღვნებოდა, განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პრობლება რუსეთის ბაზებთან მიმართებაში „იარაღით უკანონო ვაჭრობაა იმ რეგიონებში, სადაც ეს ბაზებია განლაგებული“.
„ეს ბაზები სხვადასხვა კრიმინალური თუ ტერორისტული ჯგუფებისთვის იარაღის შოვნის წყაროდ გადაიქცა“ – განაცხადა რევაზ ადამიამ.
„სამწუხაროდ, ეს ბაზები არ ექვემდებარება ცენტრალური ხელმძღვანელობის კონტროლს და, როგორც უკვე განვაცხადე, იარაღით უკანონო ვაჭრობის შავი ბაზრის მიდამოებშია განლაგებული. დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს სამი ბაზა საქართველოს უსაფრთხოებას დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას“ – დასძინა საქართველოს ელჩმა გაეროში.
ჟურნალ „თაიმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში სამხედრო ბაზების 10 წლით შენარჩუნება საკუთარი იმპერიული აზროვნების გამო უფრო სჭირდება, ვიდრე უსაფრთხოების დაცვისათვის.
„ჩვენ სხვა რამის მოძებნაც შეგვიძლია, რაც უკეთესად დაიცავს რუსეთის უსაფრთხოებას, ვიდრე ეს 2,000-კაციანი ჯარი. რუსეთის ინტერესებში შედის სამხრეთის საზღვრების დაცვა ტერორისტების შემოსვლისგან. ანალოგიური ინტერესები ჩვენც გაგვაჩნია“ – განაცხადა სააკაშვილმა.