ახალი ამბები

სპეცოპერაციისას დამნაშავე სნაიპერული იარაღიდან მოკლეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 20 აგვისტო, 2002) – 20 აგვისტოს გამთენიისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს დამნაშავე, რომელსაც 19 აგვისტოს შემდეგ 3 მძევალი ჰყავდა დაკავებული.

შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილის თქმით, დამნაშავე სნაიპერული იარაღიდან გასროლით მოკლეს. “ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა”, – აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

ბოროტმოქმედმა ვაგზლის მოედანზე საიუველირო მაღაზია გაძარცვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ყუმბარის მუქარით 4 მძევალი აიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გაათავისუფლა.

მძევლები დამნაშავემ მიკროავტობუსში ჩასვა და დასავლეთისკენ აიღო გეზი, მაგრამ პოლიციამ შეძლო მისი ბლოკირება მცხეთასთან ახლოს. რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, დამნაშავემ სამართალდამცავებს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა და იგი სნაიპერული იარაღიდან გასროლით მოკლეს.

მძევალთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა ისინი მძინე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.

Back to top button