
დაიწყო ხმების გადათვლის მეორე სტადია
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 12 აგვისტო, 2002) – დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისელი ამომრჩევლების მიერ 2 ივნისის არჩევნებზე მიცემული ხმების გადათვლას შეუდგა. ეს ბიულეტენების გადათვლის პროცესის მეორე ფაზაა.
გადათვლის პროცესის პირველი ნაწილის დროს ცსკო-ს წევრებმა მთელი საარჩევნო დოკუმენტაციის ინვენტარიზაცია მოახდინეს, რომელიც ცსკო-ში დალუქული ინახებოდა.
ამჟამად 5 ხუთკაციანი ჯგუფი ამომრჩეველთა ბიულეტენებს ითვლის. ხმების გადათვლის პროცესს დამკვირვებლებად ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
ჯერ-ჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენი დრო დასჭირდება ხმების გადათვლის პროცესს. ცსკო-ს წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა გადათვლას რომ 2 თვეც დასჭირდეს. კანონის თანახმად, თუ ხმების 20%-ზე მეტი გაუქმდება, მაშინ თბილისში საკრებულოს განმეორებითი არჩევნები უნდა გაიმართოს.