
ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „რუსული კანონების“ ფარგლებში მათი საქმიანობის შესწვლა დაიწყო
სამოქალაქო საზოგადოების ხუთმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მიიღო სასამართლო განჩინებები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნითაა გაცემული და რომლებიც მათგან სენსიტიური ინფორმაციის, მათ შორის მათი სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი პირების შესახებ კონფიდენციალური მონაცემების გადაცემას ითხოვენ.
ამ ორგანიზაციებს შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საფარი“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და საქართველოს მომავლის აკადემია. „სამოქალაქო საქართველოს“ მიერ მოპოვებული სასამართლო უწყება ციტირებს დებულებებს სამი კანონიდან – „გრანტების შესახებ კანონი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი“ – რომლებიც უფლებამოსილებას ანიჭებს ანტიკორუფციულ ბიუროს ორგანიზაციებისგან მონაცემები მოითხოვოს.
„რუსული კანონების აღსრულება რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო“, – დაწერა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა „ფეისბუქზე“ 18 ივნისს. „გუშინ ივანიშვილის მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას ოფიციალურად მოგვთხოვეს რაჟდენის ბიუროსთვის წარმოუდგენელი ინფორმაციის გადაცემა. მაგალითად, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ჩვენი ბენეფიციარი, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები“.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
This post is also available in: English