
განახლება: საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლისა და დარჩენის წესებს ცვლის
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისა და დარჩენის წესები იცვლება.
ამ ქვეყნების სიაში შედის ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, ერიტრეა, იემენი, კამერუნი, კოტ დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, სირია, სუდანი, ტანზანია და უგანდა.
ამ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და დარჩენას 2025 წლის 16 მაისიდან, თუ მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა. ამგვარი დოკუმენტის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 წლისა უნდა იყოს.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი წესების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მედია ორგანიზაციებმა არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
“დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით”, – აცხადებს შსს.
შესწორება: ჩვენი თავდაპირველი სათაური “საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებს შესაბამისი პირობებით უვიზოდ შემოსვლის უფლებას ანიჭებს” შესაძლოა შეცდომაში შემყვანი ყოფილიყო.
შენიშვნა: მასალა განახლდა 25 აპრილს 10:15 საათზე და მას შსს-ს განცხადება დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/04/2025 – ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით მანიპულირებაში ადანაშაულებს
- 03/04/2025 – საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამიდან ერთ წლამდე შეუმცირა
- 10/10/2024 – რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს
- 17/06/2024 – პესკოვი: მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებას განიხილავს
This post is also available in: English Русский