skip to content
ახალი ამბები

კრიტიკის ფონზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა

6 იანვარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ იგი აუქმებს 8 იანვარს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონსს ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ისინი პრეზიდენტ კაუმას აფრთხილებდნენ, რომ ვიზიტს ქართული ოცნება გამოიყენებდა ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად მთავრობისა და პარლამენტისთვის, რომელთაც ოპოზიცია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა, არ ცნობენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სავარაუდოდ უარი თქვეს დელეგაციასთან შეხვედრაზე.

“დისკუსიებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გადავდო საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტიანი იქნება. კვლავაც მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში,” დაწერა პია კაუმამ პლატფორმა X-ზე.

6 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა წერილით მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას და შეშფოთება გამოთქვა, რომ ქართული ოცნება “ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ოფიციალურ ჩართულობას თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა.” ჯო უილსონმა პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტის “გადახედვისკენ” მოუწოდა.

“ვშიშობ, ქართული ოცნება თქვენთან ჩართულობას არასწორად, როგორც საერთაშორისო აღიარების სიმბოლოდ, წარმოაჩენს,” აცხადებდა ჯო უილსონი თავის წერილში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასა და ვიცე-პრეზიდენტ ლუის გრასას დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოში. მან გაიხსენა საქართველოს მმართველი პარტიის ადრინდელი მცდელობები, ძალაუფლების აღიარება საერთაშორისო ლიდერებთან ჩართულობით მიეღწია.

მან ასევე აღნიშნა, რომ “თბილისში ახლანდელი დინამიკა არ ქმნის დიალოგის საფუძველს და პირიქით, [ვიზიტი] ხელს შეუწყობს მის არასწორ გამოყენებასა და მცდარი წარმოდგენების შექმნას.” უილსონმა კაუმას შესთავაზა, აღნიშნული საკითხები ვრცლად სატელეფონო საუბრით განეხილათ.

მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი “აღაშფოთებს ხალხს, რომელიც თბილისის ქუჩებში 40 ღამის განმავლობაში აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებსა და რუსეთისკენ სვლას.” მან ასევე აღნიშნა, “ასეთი უდროო ვიზიტი კრიზისის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, ეს მხოლოდ [ახალ] არჩევნებს შეუძლია!”

ზურაბიშვილმა ჯო უილსონის წერილიც გააზიარა და დაწერა, რომ “ეს საქართველოს ყველა იმ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის საერთო შეშფოთებაა, რომელთაც საქართველოში სტაბილურობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ანაღვლებთ;” პია კაუმას კი მიმართა, “ეს უნდა იყოს თქვენი ერთადერთი მიზანი, რაც მხოლოდ ხელახალი არჩევნებითა და ეუთოს რეკომენდაციების შესრულებით მიიღწევა.”

5 იანვარს, როდესაც დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ – კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა და ძლიერი საქართველო – საერთო წერილით მიმართა პია კაუმას და ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა, ვიდრე ქართული ოცნების მთავრობა არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, “ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას” და “ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.”

მოგვიანებით, პია კაუმას ცალკე წერილით მიმართა და ვიზიტის გადახედვისკენ მოუწოდა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გახარია საქართველოსთვის. პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პლატფორმა X-ზე დაწერა, “ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტს შესაძლოა მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ბრძოლაში.”

პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ გაჟღერებული საფრთხეები, რომ ქართული ოცნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა, უსაფუძვლო არ ყოფილა. დაგეგმილი ვიზიტის გამოცხადების შემდეგ, ვიდრე მისი გაუქმების შესახებ გახდებოდა ცნობილი, ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, “ეუთო/ოდირისა და საპარლამენტო მისიის ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შედგა. არავითარი კითხვის ნიშანი არჩევნების მიმართ არ არსებობს.”

გორდულაძემ ასევე აღნიშნა: “ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი ქართველი ხალხის არჩევანს დამატებითი ლეგიტიმაციის მინიჭება სხვა ორგანიზაციებიდან თუ სხვა ადამიანებისგან არ სჭირდება. ამასთანავე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში და ვიზიტი ხორციელდება იმისთვის, რომ რეკომენდაციის შესასრულებლად კომუნიკაცია შედგეს არჩეულ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის არჩევანი. ეუთო/ოდირი თავისთავად, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button