
დაარსდა “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის”
საქართველოში 17 თებერვალს დაარსდა ახალი მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის, რომლის მიზანიც სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა და მიმდინარე საპროტესტო ტალღის გაძლიერებაა, რასაც, როგორც დამფუძნებლები თვლიან, შესაძლოა ახალი არჩევნების ჩატარება მოყვეს.
მოძრაობა 100-ზე მეტ სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანს აერთიანებს. მოძრაობის წევრები არიან აქტივისტები, რომლებსაც აქვთ მუშაკთა უფლებების, უსაფრთხო სამუშაო პირობების, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების, ასევე თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლო პროცესებისთვის ბრძოლის ისტორია.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოძრაობამ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიას „ჩვენი ხალხის, ბუნებისა და საბჭოთა ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული ძარცვის ქრონიკა“ უწოდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ამ ისტორიის თანაშემოქმედი ადამიანებისგან შედგება და ამიტომაც ვერ გვთავაზობენ გამოსავალს. ამ ელიტიდან გამოსული ყველა ხელისუფლება, მათივე ანტისოციალური ბუნების გამო, საბოლოოდ ავტორიტარიზმად გადაგვარდა და ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად აქცია ხალხის ერთმანეთზე წაკიდება“.
განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლება: „წინა რეჟიმი „თავისუფლების“ სახელით წირავდა ხალხის ნაწილს უთანასწორობისთვის და უთელავდა ღირსებას. ქართული ოცნება „ეროვნული თვითმყოფადობის“ ნიღბით გვიქმნის მტრის ხატებს, აკანონებს ტერორს, „მშვიდობის“ სახელით უსამართლობასთან შეგუებას გვაიძულებს“.
„ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი|, – აცხადებენ მოძრაობის დამფუძნებლები. „მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს“.
„ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს ბატონ-პატრონების ლოდინს, რომ მათ ჩვენი პატარა ქვეყნის ბედი გადაგვიწყვიტონ. სამოქალაქო მშვიდობასაც და უსაფრთხოებასაც სჭირდება ძლიერი მოქალაქეების ერთობა, საღი აზრი და ერთმანეთზე ზრუნვა – ჩვენ გვჭირდება სოციალური დემოკრატია!“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში. „დღევანდელ მსოფლიო ვითარებაში კი, ასეთი სახელმწიფოს შენება მარტო ევროპულ წიაღში მოხერხდება – და ისიც მხოლოდ ჩვენივე შრომით, ჩვენივე ძალისხმევით“.
მოძრაობის პრეზენტაციაზე საუბრისას, მისმა ერთ-ერთი ლიდერმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველო აღარ არის გახლეჩილი მხოლოდ ევროპისა და დემოკრატიის საკითხებზე, არამედ ის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც გახლეჩილია. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ მიიჩნევს და ამიტომ, მოძრაობა იბრძოლებს იმისათვის, რომ შეიქმნას საზოგადოება, სადაც არ იქნებიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები. „ყველას ექნება შესაძლებლობა იცხოვროის ადამიანურად, ღირსეულად“, – დასძინა მან.
მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ მოძრაობის მიზანია მიმდინარე პროტესტისთვის სიღრმისა და კონკრეტული მოთხოვნების დამატება და საზოგადოების ფართო მონაწილეობის წახალისება.
მოძრაობის დაარსების აღსანიშნავად, მისი წევრები 1859 წელს ამ დღეს დაბადებული მწერლის ეგნატე ნინოშვილის ბიუსტთან შეიკრიბნენ, სადაც საზოგადოებას თავიანთი მანიფესტი წარუდგინეს. ლოკაციას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან მენაბდეს თქმით, „130 წლის წინ გურიაში, ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა დამოუკიდებლობა“.
მოძრაობის თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში ყოვლისმომცველ პროგრამას შეიმუშავებს, სადაც მისი ხედვა და წინადადებები იქნება გაწერილი. მოძრაობამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას, ვინც იზიარებს მათ ღირებულებებსა და მიზნებს, შეუძლია მათ რიგებს შეუერთდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/02/2025 – სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025
- 09/02/2025 – პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა
- 07/02/2025 – ექვსი პროფკავშირი სახელმწიფო რეპრესიების წინააღმდეგ კოლექტიურ დავებს იწყებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)