
სტრასბურგის სასამართლომ „კაბელების საქმეზე“ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 11 თებერვალს ე.წ. „კაბელების საქმეზე“ (ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი და დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხუთ ყოფილ თანამშრომელს, რომელთაც 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, 2017 წლის იანვარში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ გაფლანგვის ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-წლიანი პატიმრობა 1.5 წლამდე შეუმცირა. 2017 წლის თებერვალში, მათ უზენაეს სასამართლოს მიმართეს, რომელმაც მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისინი შეიწყალა, რის შემდეგაც ისინი 2017 წელს პატიმრობიდა გათავისუფლდნენ.
გათავისუფლების მიუხედავად, მომჩივნებმა საქმე სტრასბურგში წაიღეს. ისინი აცხადებენ, რომ მათი სასამართლო პროცესი უსამართლო იყო, ბრალდების უეცარი და მათთვის უცნობი გადაკვალიფიცირების გამო. ამასთან, მათივე თქმით, ბრალდების მხარეს დაცვის მხარეს არ გაუმხილა მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მომჩივნების უფლებები, დეტალური ინფორმაცია ჰქონოდათ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების ხასიათისა და მიზეზების შესახებ და ასევე ჰქონოდათ საკმარისი დრო და სათანადო პირობები მათი დაცვის უფლებების განსახორციელებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტები.
მომჩინვების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა. ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2015 წელს შეაფასა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად, ხოლო ბრალდებულები უდანაშაულოდ, მტკოიცებულების ნაკლებობის გამო.
ე.წ. „კაბელების საქმეს“ მმართველი „ქართული ოცნების“ კოალიციის გახლეჩა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოყვა, რის შემდეგაც მისმა ორმა თანაგუნდელმა მინისტრის პოსტები დატოვა. ალასანია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ სამიზნე სწორედ ის იყო. შედეგად, 2014 წლის ნოემბერში ალასანიას პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვა „ქართული ოცნების“ კოალიცია.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/02/2024 – სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს საქართველოს წინააღმდეგ 156 განაცხადი მიიღო
- 16/05/2016 – საიას თქმით, ‘კაბელების საქმეზე’ გამამტყუნებელი განაჩენი „უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)