ახალი ამბები

საიას თქმით, ‘კაბელების საქმეზე’ გამამტყუნებელი განაჩენი „უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ე.წ. „კაბელების საქმეზე“ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს „უსამართლოს, უკანონოსა და დაუსაბუთებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ  საქმეში არ არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, ამყარებს ეჭვს, რომ საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო გაფლანგვაში და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ოთხი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით. თითქმის რვა თვე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შემდეგ ხუთივე დაკავებული 2015 წლის ივნისში გათავისუფლდა, რის შემდეგაც ოთხ მათგანს, რომლებიც დაკავების მომენტში მუშაობდნენ,  სამსახურეობრივი უფლებამოსილება აღუდგა.

მთავარმა პროკურატურამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 16 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომელსაც ასევე ახლავს თან ვიდეო, სადაც საქმის ვითარებას აღწერს, განაცხადა, რომ  ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესებზე „უტყუარად“ დაადასტურა წინასწარ განზრახული გაფლანგვის ფაქტი.

საია, რომელიც ერთ-ერთი მსჯავრდებულის ინტერესებს იცავდა სასამართლო პროცესზე, აცხადებს, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ხოლო „საქმეზე დაკავებული პირები არიან უდანაშაულოები“.

„უმნიშვნელოვანესია იმის აღნიშვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ელემენტის – მოტივის – არსებობა. კერძოდ, არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულ პირთა მხრიდან  ანგარებითი მიზნის არსებობა“, – აცხადებს საია.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული   თანხა  არასოდეს ყოფილა ბრალდებულ პირთა  მართლზომიერ  მფლობელობაში ან გამგებლობაში. ამასთან, საფუძველს არის მოკლებული  ბრალდების პოზიცია იმის შესახებ, რომ არსებობდა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი ბრალდებულთა და თავდაცვის სამინისტროს  სხვა ხელმძღვანელ პირთა მონაწილეობით, რომლებმაც თითქოს გადაწყვიტეს  სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდების მხარემ საერთოდ ვერ დაასაბუთა, რომ სამინისტროს  თანამშრომელთა  მხრიდან არსებობდა განზრახვა რომ ვინმეს სასიკეთოდ გაეფლანგათ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსჯავრდებულთა დაცვის მხარე განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.

საია იმედოვნებს, რომ სააპელაციო  სასამართლოს „ეყოფა გამბედაობა და საქმის განხილვისას იმსჯელებს მხოლოდ სამართლებრივად და გამოიტანს ერთადერთ სამართლიან განაჩენს და უდანაშაულო პირებს გაამართლებს“.

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან „კაბელების საქმის“ მონაწილეების დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, რასაც ასევე მოყვა მისი თანაგუნდელი ორი მინისტრის გადადგომა და მისი პარტიის გამიჯვნა მმართველი კოალიციიდან, 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ მიატოვებს მსჯავრდებულებს და ბოლომდე იბრძოლებს მათი „ციხიდან დასახსნელად“. მან 21 მაისს პროკურატურასთან „გამაფრთხილებელი“ საპროტესო აქცია დააანონსა.

„ამითი [გამამტყუნებელი განაჩენით] ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილმა თავისუფალ დემოკრატებს მოგვილოცა საარჩევნო კამპანიის დაწყება“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც მანამდე თანაპარტიელებთან ერთად ასევე ესწრებოდა სასამართლოში განაჩენის ხმაურიან გამოცხადებას, „ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მზარდი ტენდენცია ქვეყანაში იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ავტორიტარული რეჟიმი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button