skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2024 წლის დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.9%-ით გაიზარდა. „ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს“, – აცხადებს ბანკი.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელთა ცვლილება შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება – წლიურმა ცვლილებამ დეკემბერში 2.2% პროცენტი შეადგინა. ბანკმა აღნიშნა, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერი იყო და იანვარ-ნოემბერში საშუალო ეკონომიკურმა  ზრდამ 9.4% შეადგინა. „ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ შეიტანა, რამაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა“, – აცხადებს ბანკი.

ინფლაციის ხელსაყრელი დინამიკის მიუხედავად, ეროვნული ბანკი შიდა და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, გაურკვევლობის ზრდაზე საუბრობს. „იმ შემთხვევაში, თუ არსებული გაურკვევლობა მოკლევადიან პერიოდში აღმოიფხვრება, ხოლო საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობა შენარჩუნდა, 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, – აცხადებს ბანკი. „შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გავლენითაც, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება“.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ის ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 12 მარტს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button