skip to content
ახალი ამბები

ზურაბიშვილი: საქართველოსთან აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის „ჩართულობის ნაკლებობამ“ შესაძლოა რუსეთი წაახალისა

American Enterprise Institute-ში გამართული დისკუსიის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთან აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის „ჩართულობის ნაკლებობამ“ შესაძლოა რუსეთს საქართველოში საკუთარი ინტერესების წინ წაწევისკენ უბიძგა.

„ჩართულობის ნაკლებობა იყო, რამაც შესაძლოა წაახალისა რუსეთი, რომ უფრო პროაქტიული ყოფილიყო რეგიონში და ეცადა, რომ ეს მარიონეტული რეჟიმი სულ უფრო პრორუსული გამხდარიყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა განმარტა, რომ „საქართველოში მაღალი დონის ვიზიტი არ განხორციელებულა; სახელმწიფო მდივანი ბლინკენი არასოდეს ჩამოსულა საქართველოში“. მისი თქმით, ენტონი ბლინკენი კავკასიას სტუმრობდა, თუმცა საქართველოში არ ჩამოსულა. მან ასევე განაცხადა, რომ არც ქართულ მხარეს, მათ შორის თავად მას საქართველოს პრეზიდენტის რანგში, ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში არ ჰქონია.

ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რამდენჯერმე ახსენა ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვა „ძლიერი ამერიკის“ მშენებლობის შესახებ. მისი თქმით, საქართველო ეძებს ისეთ ძლიერ ამერიკას, რომელსაც შეუძლია „აჩვენოს და უთხრას“ რუსეთს, რომ მას არ შეუძლია საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონის ხელში ჩაგდება ან მასზე დომინირება.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან კაბინეტის ახალ წევრებს გადასცა გზავნილი, რომ ახალი ადმინისტრაცია ვერ შეძლებს ძლიერი ამერიკის იმიჯის შექმნას, თუ ის კავკასიასა და საქართველოს, თავისი სტრატეგიული მდებარეობით და შავი ზღვით, რუსეთს დაუთმობს.

თითქმის ერთსაათიან დისკუსიაზე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, „ქართული ოცნების“ ქმედებებზე და მის მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე, ასევე თავის მოლოდინებზე საქართველოს მიმართ დასავლეთის ქმედებებთან დაკავშირებით.  

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თითქმის ერთი კვირაა, რაც ვაშინგტონში იმყოფება. იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და სენატორებთან, ასევე საქართველოში არსებულ ვითარებაზე რამდენიმე ინტერვიუ მისცა და დისკუსია გამართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button