skip to content
ახალი ამბები

EPP-ის რეზოლუცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არაღიარებისა და სანქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტსაბჭომ 14 იანვარს გადაუდებელი რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, რომელიც 26 ოქტომბრის „ღრმად ხარვეზიანი“ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხება. EPP-ის თანახმად, „ქართული ოცნების“ ახალი პარლამენტი და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი „მოკლებულნი არიან დემოკრატიულ ლეგიტიმაციას“. რეზოლუცია საერთაშორისო ფორუმებზე „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების არაღიარებისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მმართველი პარტიის უფლებამოსილებების არცნობისკენ მოუწოდეს. EPP-ის თქმით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გაგრძელდეს მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების შელახვაზე.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით ჩატარდა“ და „არ ასახავდა საქართველოს ხალხის ნებას“, ხოლო „ახალი პარლამენტი და მის მიერ არჩეული ‘პრეზიდენტი’ ლეგიტიმურობას მოკლებულია“. რეზოლუციაში აღნიშნულია არჩევნების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის უარყოფითი შეფასება.

EPP გმობს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას, უკანონო დაკავებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, და მოუწოდებს EPP-ს ყველა წევრს, თავი შეიკავოს „ქართული ოცნების თვითგამოცხადებული რეჟიმის“ ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან და, სანაცვლოდ, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აღიაროს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

რეზოლუციის თანახმად, უნდა გაგრძელდეს მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებების შელახვაზე, ასევე ოპონენტების მიმართ რეპრესიებზე. ის მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს „გადაუდებელი და მიზანმიმართული სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს“.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს, რომ შეჩერდეს „ქართული ოცნების“ ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი „ანტიდემოკრატიული ქმედებები“, ამავდროულად საქართველოს კრიტიკულ მედიასთან და სსო-ებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ითხოვს.

დოკუმენტი მხარს უჭერს „ყველა პოლიტპატიმრისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button