skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 6.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.113 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 7.9%-ით გაიზარდა და 6.011 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 6.1%-ით, 15.102 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.091 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1%-ია.

იმავე პერიოდში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.939 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 2.269 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.966 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.767 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია 1.204 მილიარდი აშშ დოლარით.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 1.166 მლრდ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 795 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 664 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 634 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 564 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი 2.501 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს აშშ 1.829 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი 1.636 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი 1.487 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია 1.156 მლრდ აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 2.219 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ფეროშენადნობები 317 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 270 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 262 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 213 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 154 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 129 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 110 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 103 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 96 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 2.139 მლრდ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 3.082 მლრდ აშშ დოლარით, რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.185 მლრდ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 563 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 358 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – 295 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 244 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 200 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 198 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 142 მლნ აშშ დოლარით; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – 126 მლნ აშშ დოლარით და დანარჩენი საქონელი 8.708 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button