skip to content
ახალი ამბები

ქართული ოპოზიცია უკანონო დაკავებებისა და პოლიციის სისასტიკის რეესტრის შესაქმნელად ერთიანდება

6 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის – განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულთა და ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პოლიციელების საქმეების შესახებ რეესტრის შექმნას გეგმავს.

რეესტრი სამ მიზანს მოემსახურება: ის უზრუნველყოფს დეტალურ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მთავრობის ქმედებების სამიზნე გახდა, დაეხმარება იმ პოლიციელების იდენტიფიცირებაში, რომლებიც გადამეტებული ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი და საერთაშორისო სასამართლოებითვის შეაგროვებს მასალებს დამნაშავეებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი მექანიზმის მიზანია დამნაშავეთათვის საერთაშორისო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. ლიდერებმა განმარტეს, რომ მიზანი არა მხოლოდ იმის გარკვევაა, თუ ვინ გახდა „რეჟიმის“ თავდასხმის სამიზნე, არამედ იმ პირების იდენტიფიცირებაც, ვინც ძალადობა ჩაიდინა.  

ინიციატივა ასევე ისახავს მიზნად დაეხმაროს იმ პირებს, რომლებიც აწამეს ან რომელთა მიმართაც დაპატიმრების დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს. ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ სამი ძირითადი პუნქტი გამოყო მიმდინარე ძალადობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მან ხაზი გაუსვა ჟურნალისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს. მეორე, კორძაიამ აღნიშნა, რომ ძალადობა სულ უფრო ხშირად ხდება „ბუფერულ ზონებში“ – ისეთ ადგილებში, როგორიცაა პოლიციის მანქანები ან პოლიციის შენობები – სადაც საზოგადოება ვერ ნახავს ან ობიექტურად ვერ შეაფასებს სიტუაციას, და აღნიშნა, რომ ისინი დოკუმენტებს აყალბებენ და აიძულებენ ადამიანებს ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტებზე, რომ ვითომ მათ დაზიანებები დაკავების დროს მიიღეს. მესამე, მან დაგმო პოლიტიკური პარტიების და აქტივისტების ოფისების რეიდები, რომლებიც სასამართლოს ან პოლიციის ორდერის გარეშე განხორციელდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა.

პოლიტიკურმა ლიდერებმა მკაცრად დაგმეს ეს პრაქტიკა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს (ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა) ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა), რომელიც კრძალავს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button