skip to content
ახალი ამბები

ანალიტიკოსი: გენდერული სხვაობის ანალიზი არჩევნებზე 300 000 ხმის გაყალბებაზე მიუთითებს

რომან უდოტმა, არჩევნების მონაცემთა ანალიტიკოსმა, სასამართლო ექსპერტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა რუსეთში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემების მიხედვით, სერიოზულ შეუსაბამობებზე მიუთითა.

უდოტმა, რომელიც რუსეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსის“ თანათავმჯდომარეა, გამოავლინა „გენდერული სხვაობა“ (სხვაობა მამრობითი და მდედრობითი სქესის ამომრჩევლების ქცევას შორის), რომელიც, როგორც ჩანს, კორელაციაშია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ შედეგებთან. კისლინგ-შპილკინის ტექნიკის მსგავსი მეთოდის გამოყენებით (რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება არჩევნების მონაცემებში ანომალიების აღმოსაჩენად და გამოსასწორებლად), იგი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 300 000 გაყალბებული ხმა მოიპოვა. გაყალბების გარეშე, „ქართული ოცნების“ ხმების წილი 45%-მდე მცირდება, ხოლო მოპარული ხმების სხვა პარტიებზე გადანაწილება ამ მაჩვენებელს 39%-მდე ამცირებს; შედეგად, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას კარგავს.

უდოტი აღნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ გენდერული სხვაობით გამოწვეული დამახინჯება გამოსწორდება, მაშინ:

  • 2024 წლის 27 ოქტომბერს აღმოჩენილი საეჭვო გადანაწილებები ქრება;
  • ყველა პარტიის შედეგები ერთმანეთის პროპორციული ხდება;
  • „ქართული ოცნების“ შედეგები ეგზიტპოლის შედეგების შესაბამისი ხდება;
  • ქრება გენდერული ანომალიები მონაცემებში;
  • მარნეულში, მაქსიმალური დარღვევების ზონაში, ყველაზე დიდი სხვაობა ფიქსირდება;
  • ქართული პოლიტიკა გენდერულად ნეიტრალურ მდგომარეობას უბრუნდება.

უდოტი ხაზს უსვამს საქართველოს საარჩევნო მონაცემების უნიკალურ ბუნებას, სადაც გაყალბების გამოვლენის ტრადიციული მეთოდები ძირითადად გამოუყენებელია, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მხოლოდ კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს. თუმცა, ცესკო ადგილობრივ დამკვირვებლებს დამატებით მონაცემებსაც უზიარებს, როგორიცაა ამომრჩეველთა აქტივობა სქესის მიხედვით. ამ მონაცემს „სამართლიანი არჩევნების“ კრიტიკა მოჰყვა, რამაც აიძულა ცესკო მისთვის გადაეხედა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, მონაცემები კვლავ დამაბნეველი რჩება, რაც შემდგომი შემოწმების საჭიროებას განაპირობებს.

ანალიტიკოსის თქმით, რეგისტრირებული მამრობითი და მდედრობითი სქესის ამომრჩევლების, ასევე ხმის მიმცემთა ვიზუალიზაცია თვალსაჩინო კანონზომიერებებს ავლენს. ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისი, რუსთავი და ქუთაისი, გენდერული ბალანსია ნაჩვენები და შეესაბამება იმ რეგიონებს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ცუდი შედეგენი აჩვენა. ამის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი გენდერული დისბალანსია სხვა რაიონებში. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების გაერთიანება „შუქნიშნის“ ეფექტს იძლევა, ხაზს უსვამს ამ ვარიაციებს და დამატებით კითხვებს აჩენს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

უდოტის ანალიზი შემდგომში იკვლევს ხმის მიცემის უჩვეულო გენდერულ ნიმუშებს და ამავდროულად ფოკუსირებულია ისეთ რეგიონებზე, სადაც არჩევნების სამოქალაქო  მონიტორინგი შეზღუდული იყო. სათანადო მონიტორინგის მქონე რეგიონებში, მამაკაცებსა და ქალებს შორის აქტივობაში სხვაობა მინიმალურია. ამ ანომალიების მასშტაბის შესაფასებლად, უდოტი ითვლის „ზედმეტი მამაკაცების“ რაოდენობას, ანუ როდესაც იმაზე მეტმა მამაკაცმა მისცა ხმა, ვიდრე მოსალოდნელი იქნებოდა მამაკაცთა აქტივობა ქალთა აქტივობის თანხვედრი რომ ყოფილიყო. მან შემდეგი ფორმულა გამოიყენა:

  • მამაკაცების მოსალოდნელი რაოდენობა = (რეგისტრირებული მამაკაცები × ხმის მიმცემი ქალები) ÷ რეგისტრირებული ქალები
  • ზედმეტი მამაკაცები = ხმის მიმცემი მამაკაცები – მამაკაცების მოსალოდნელი რაოდენობა

ამ მეთოდის გამოყენებით, უდოტმა მონაცემებში  94,000 „ზედმეტი მამაკაცის“ ხმა აღმოაჩინა, თუმცა გაურკვეველი რჩება, ეს ხმები რეალურ პირებს ეკუთვნის თუ დარღვევებს წარმოადგენს ხმის მიცემის პროცესში. უდოტი აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებით გასაოცარია, ამ მაჩვენებლით რამდენად კარგად გამოირჩევა მარნეულის რაიონი, რომელიც ცნობილია თავისი დარღვევებით, ანომალიური მონაცემებით და დამკვირვებელთა საჩივრებით“.

„ამომრჩეველთა კაცი სეგმენტის მოულოდნელი ჰიპერაქტიურობა საქართველოს არჩევნების ეგზოტიკურ მახასიათებლად შეიძლება ჩათვლილიყო, კენჭისყრის შედეგებზე მას მნიშვნელოვანი გავლენა რომ არ მოეხდინა. და შედეგებზე ძლიერ გავლენას ნამდვილად ჰქონდა ადგილი – თუმცა მხოლოდ ერთი პარტიისთვის. „ზედმეტი კაცების“ გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე უმნიშვნელოა. ეს კრიტიკული ფაქტორია შედეგების აღდგენისთვის, აღნიშნავს ავტორი.

უდოტის ანალიზი ორ მეტრიკას ადარებს – მამაკაცის ჰიპერაქტიურობას და გენდერულ სხვაობას – რომლებიც ამომრჩეველთა აქტივობის დარღვევების შესასწავლად გამოიყენება. მამაკაცთა ჰიპერაქტიურობა ქალთა ხმის მიცემის აქტივობასთან შედარებით მამრობითი სქესის ამომრჩეველთა ხმის მიცემის აქტივობის სიჭარბეს ზომავს და გამოითვლება როგორც სხვაობა მამაკაცებისა და ქალების აქტივობის მაჩვენებლებს შორის. ამის საპირისპიროდ, გენდერული სხვაობა ხაზს უსვამს ამომრჩევლებს შორის გენდერული ბალანსის დარღვევას და გამოითვლება როგორც ნორმალიზებული სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის აქტივობის მაჩვენებლებში. ორივე მეტრიკა ფარდობითია, ამიტომ ამომრჩეველთა გენდერულ შემადგენლობაში არსებული განსხვავება მათზე არ მოქმედებს.

ვარაუდობს რა, რომ პარტიები ზოგადად უნდა ასახავდნენ ამომრჩევლების გენდერულ შემადგენლობას, უდოტი „ქართული ოცნების“ შედეგებს ორ კომპონენტად ყოფს: ნორმალურ ხმებად (სხვა პარტიების მაჩვენებლების პროპორციულად) და ანომალიურ ხმებად. აქტივობის დამახინჯების გამოსავლენად კისლინგ-შპილკინის მიდგომის მსგავსი მეთოდის გამოყენებით, მან დაადგინა, რომ ანომალიური ხმების რაოდენობა დაახლოებით 300 000-ს შეადგენს.

ამგვარი განაწილების შედეგად „ქართული ოცნების“ ხმების წილისთვის ორი შესაძლო შედეგია მოსალოდნელი. ანალიტიკოსის შეფასებით, გაყალბებული ხმების დამატების გარეშე (მაგ. ბიულეტენების ჩაყრის ან მრავალჯერადი ხმის მიცემის გზით), „ქართული ოცნების“ წილი 45% იქნებოდა, ხოლო სხვა პარტიებისთვის ხმების მოპარვის გარეშე (მაგ., დაშინების, ხმების მოსყიდვის ან არასათანადო რეგისტრაციის გზით), ეს მაჩვენებელი 39%-მდე ეცემა.

„მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოვლენილ მანიპულაციებს აქტივობაზე გავლენა არ მოუხდენია. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების დამახინჯების უპირატესი ფორმა იყო „ხელახლა გადანაწილება“. შედეგად, ჭეშმარიტი შედეგების აღდგენისას გამოყენებული უნდა იყოს ფორმულა (ოფიციალური შედეგები – გაყალბებული ხმები)/(ოფიციალური აქტივობა), რომელიც „ქართული ოცნებას“ ხმების დაახლოებით 39%-ს ანიჭებს“, – აღნიშნავს ავტორი.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პარტიას არ აქვს უმრავლესობა პარლამენტში“, – დასძენს უდოტი.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button