გახარია მოუწოდებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას
21 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მოუწოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას იმის საჩვენებლად, რომ ისინი არ ცნობენ გაყალბებული არჩევნების შედეგებს.
გახარიამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, თავი შეიკავონ პარლამენტის სხდომაზე დასწრებისგან, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე აპროტესტებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და დასავლეთის სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ხელმძღვანელები ეჭვქვეშ აყენებენ ამ შედეგებს და აცხადებენ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის მიღწევა მხოლოდ სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებითაა შესაძლებელი.
გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნები რიგი დარღვევებით ხასიათდებოდა და მათ შორს დაასახელა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საოლქო და საუბნო კომისიების იმ ადამიანებით დაკომპლექტება, რომლებიც „ქართული ოცნებასთან“ იყვნენ კავშირში ან მათი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილი კრიზისის თავიდან აცილება შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გამოაქვეყნებდა არჩევნებში მონაწილეთა სიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ არათუ უარი თქვა ამაზე, არამედ „ყალბი გამოძიებაც“ კი დაიწყო.
გახარიამ ასევე მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობის არცნობის პროცესში, შეუერთდნენ მასობრივ საპროტესტო აქციას მისი პირველი სხდომის დღეს და ნათლად აჩვენონ, რომ ისინი არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას არჩევნების შედეგებს, სანამ სრულყოფილი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური გამოძიება ყველა კითხვას არ გასცემს პასუხს.
ბარიერგადალახულ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე საუბრისას, გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია მათთან თანამშრომლობს ორ მთავარ საკითხზე – „მოპარულ არჩევნებსა“ და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის პროტესტის ფორმას, გახარიას თქმით, მის პარტიას განსხვავებული შეხედულებები და იდეები აქვს.
რაც შეეხება სადეპუტატო მანდატების დათმობისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსებაზე უარის თქმის გეგმებს, გახარიამ განაცხადა, რომ „არავის საქმეა“ როგორ და რა ფორმით გადაწყვეტს პარტია უარი თქვას პარლამენტის ლეგიტიმაციაზე. მისი თქმით, ისინი არ გახდებიან „ზეწოლისა და დაშინების“ მსხვერპლი არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. „ჩვენი პრაგმატული პოზიცია მდგომარეობს შემდეგში – ჩვენ არ ვექვემდებარებით არანაირ წნეხს, არც „ნაციონალური მოძრაობისგან“ და არც „ოცნებას“ არ ჩავუგდებთ ხელში ბერკეტს, საბოლოო ჯამში, თავისივე კენჭისყრით გადაწყვიტოს, როცა მოუნდება, მაშინ მოგვიხსნის მანდატს თუ არ მოგვიხსნის“, – განაცხადა გახარიამ. პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ პარტია უარს იტყვის მის მიღებაზე, მაგრამ რა ფორმით „არავის საქმე არ არის“.
გახარიამ ასევე ისაუბრა პარტიის კომუნიკაციაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან და განაცხადა, რომ მთავარი გზავნილი, რომელსაც ისინი ევროკავშირს უზიარებენ არის ის, რომ ხელისუფლების მიმართ სადამსჯელო ქმედებები არ უნდა მოიცავდეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას ან თუნდაც შეჩერებას, რადგან ეს იქნება „უსამართლო“ სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც მიმართულია მოქალაქეების წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ გეგმებს, რომ ქართველებს ევროპისკენ მიმავალი გზა დაუხუროს და მხოლოდ რუსეთის კარი დატოვოს ღია. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს სადამსჯელო ზომები მხოლოდ პირადი სანქციების სახით „ქართული ოცნების“ იმ „კორუმპირებული“ წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც ქვეყანას ევროპული მომავალი მოუკლეს და არჩევნები გააყალბეს.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას ქვეყანაში საერთაშორისო მეთვალყურეობით ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, გახარიამ აღნიშნა, რომ ასეთი არჩევნების „არ სჯერა“ და განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნები მხოლოდ მაშინ იქნება მნიშვნელოვანი, თუ ექვსი ქართული ინსტიტუტის ადმინისტრაცია მთლიანად შეიცვლება. ამ ინსტიტუტებს შორის მან დაასახელა: ცენტრალური საარჩევნო კომისია, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა აზრი არხის გადამღები ჯგუფის მუშაობაში მომიტინგეების მიერ ხელისშეშლის ფაქტებზე, რაზეც მან უპასუხა, რომ „გმობს“ ჟურნალისტური საქმიანობის ყოველგვარ შეფერხებას, რომ ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, რომელ მედიაში იმუშაონ და რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჟურნალისტები თავისუფალი უნდა იყვნენ.
ბოლოს მას ასევე ჰკითხეს მოსაზრება იმის შესახებ, უნდა გაუქმდეს თუ არა ანტი-ლგბტქ+ საკანონმდებლო პაკეტი, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ერთადერთი ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონმდებლობის განხილვაში და ხმაც კი მისცა რამდენიმე კანონს, რომელიც ბავშვთა უფლებებს ეხებოდა, და რომ ამ ან „რუსული კანონის” გაუქმება ახლა უაზრობა იქნებოდა, რადგან ამ „ცუდი ქმედებების” შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უარესიც გააკეთა არჩევნების გაყალბებით და რომ კანონის ახლა გაუქმება სიტუაციას არ შეცვლის.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)