ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციის თავიდან ასაცილებლად პროტესტია საჭირო
ტელეკომპანია „ფორმულა“-სთან ინტერვიუში, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის მასობრივი საპროტესტო აქცია მოეწყოს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ახალი პარლამენტის ლეგიტიმაცია და მისი ოფიციალურად ფორმირება ვერ მოახერხოს.
ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტული ვადები, რომლებიც მომავალ თვეში პოლიტიკურ პროცესებს გარკვეულ კალაპოტში მოაქცევს. მისი თქმით, მოცემულ მომენტში ყურადღება გამახვილებულია არჩევნების გაყალბების გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავირებით სარჩელების შეტანაზე, ხოლო პროტესტი ძირითადად იმართება სასამართლოებთან და ცესკოს შენობის წინ. შემდეგი ეტაპი მოიცავს გასაჩივრების პროცესს, რომელიც სასამართლოში წარიმართება მას შემდეგ, რაც ცესკო საბოლოო შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.
შემაჯამებელი ოქმი 21 ნოემბრისთვის გამოქვეყნდება. მანამდე, ჯაფარიძის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ცესკომ და მისმა თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „არ დაწერონ ის რიცხვები, რომელიც მათ ივანიშვილმა უთხრა“. ამის შემდეგ, განაგრძო მან, არის კონსტიტუციით განსაზღვრული 10-დღიანი ვადა, როდესაც პრეზიდენტმა ახალი პარლამენტი უნდა შეკრიბოს. თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს.
ამ 10-დღიანი პერიოდის ბოლოს, დიდი ალბათობით, პარლამენტი მაინც შეიკრიბება და ლეგიტიმურობას გამოაცხადებს. ეს იქნება „კულმინაცია“ და „კრიტიკული მომენტი“, აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ, როდესაც მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს ქუჩაში და არ დაუშვას „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე ლეგიტიმაცია. ჯაფარიძის თქმით, ამის მისაღწევად საჭიროა, რომ სხვა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვან, ასევე განხორციელდეს საერთაშორისო პარტნიორებთან ყოველდღიური თანამშრომლობა, რათა არ მოხდეს შედეგების ლეგიტიმაცია საზღვარგარეთიდან, და ბოლოს, გაიმართოს ყველაზე მასშტაბური აქცია პარლამენტის შენობის წინ, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფიზიკურად ვერ შეძლონ შენობაში შესვლა და პარლამენტის ახალი შემადგენლობის ლეგიტიმაცია.
ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ ეს არ მოხდა და „ქართული ოცნება“ ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციას მოახდენს, მოვლენები სწრაფი ტემპით განვითარდება: „ქართული ოცნება“ სრული ძალით აამუშავებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, ანტიკორუფციული ბიურო განაახლებს პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას, პოლიტიკური ველი „გაიწმინდება“ და მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც ახლა ქუჩაში აპროტესტებენ, ქვეყანას დატოვებს. ეს საქართველოს ფაქტობრივად ბელარუსად გადააქცევს, განაცხადა ჯაფარიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი რეალისტური გეგმა. „ნებისმიერი სხვა რამ არის დროის გაყვანა და ყურადღების გადატანა“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეეთ:
- 05/11/2024 – ოპოზიციის სამოქმედო გეგმა წინააღმდეგობითა და ქუჩის პროტესტით გამარჯვების დაბრუნებას ისახავს მიზნად
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)