პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოში არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ უცხოურ მედიას ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერს ზედიზედ ინტერვიუები მისცა 17 სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედიასაშუალებას, რომელთა ნაწილიც უკვე გავიდა ეთერში, ნაწილი კი უახლოეს საათებში გავა. როგორც მან მოგვიანებით საქართველოში სავარაუდოდ გაყალბებული არჩევნების საპასუხოდ გამართულ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, ამ ინტერვიუების მიზანია იმის გაზიარებაა, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში და როგორ გარემოში ჩატარდა არჩევნები.
პრეზიდენტი შემდეგ მედიასაშუალებებს ესაუბრა: BBC, CNN International, LCI, DW News, Reuters, Le Point, Liberation, EURACTIV, Sky News, AP News, Rai, AFP, DPA, Swiss Radio, France Info, TVP და Redaktions Netzwerk Deutschland.
პრეზიდენტის მთავარი გზავნილი მედიისთვის ეხებოდა 26 ოქტომბერს გამოვლენილ დარღვევებს, რის გამოც მან შედეგები არ ცნო. მას ჰკითხეს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებს ჯერ არ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნები გაყალბებულად, მიუხედავად ყველა დარღვევისა, რაც მათ დაინახეს. პრეზიდენტმა განმარტა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არ გმობენ არჩევნების კანონიერებას მისი ჩატარებიდან მალევე, ისინი ელოდებიან მეტ ინფორმაციას, რაც უკვე აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებს და თავად პრეზიდენტს და სწორედ ამან განაპირობა მისი გადაწყვეტილება.
- 27/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს
„[გაყალბების] მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ყველა გამოკითხვაში მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას, და უცებ ეს შემოტრიალდა ერთ არჩევნებში, როცა ხალხი მტკიცედ მიდიოდა ამ ევროპული გზის მხარდასაჭერად“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, არჩევნების გაყალბების ყველა მეთოდი იქნა გამოიყენებული. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ გამოიყენა მმართველმა პარტიამ ელექტრონული კენჭისყრა ხმების გასაყალბებლად და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და შემდეგ „შვიდჯერ, ათჯერ, ჩვიდმეტჯერ გამოიყენეს“ არჩევნების დროს. მან დასძინა: „ყველა ეს მტკიცებულება შეგროვდა და ახლა მიმდინარეობს გამოვლენილი დარღვევების სისტემური ხასიათის ჩვენება“, – განუცხადა პრეზიდენტმა CNN-ს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჰკითხეს, პირდაპირ ადანაშაულებს თუ არა ის რუსეთს არჩევნებში ჩარევაში, რაზეც მან უპასუხა: „არა, ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ არჩევნებზე გამოყენებულ იქნა მეთოდოლოგია და მხარდაჭერა, სავარაუდოდ, რუსეთის FSB-ის ტიპის, რადგან ეს იყო ძალიან დახვეწილი, გაყალბების მრავალი ფორმის გამოყენებით“. მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიაში უკვე გამოიყენა რუსული ტაქტიკა და მათ და მოსკოვს შორის კავშირები, რაც არჩევნების შემდეგ რუსეთიდან მოსული თბილი მილოცვებით დადასტურდა, რუსეთის ჩართულობაზე მიუთითებს.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ ცნო არჩევნების შედეგები და რაც შეეხება იმას, თუ რას მოელის ის ევროკავშირისგან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა „ძალიან მკაფიოდ“ უნდა დააფიქსიროს, თუ რის გაკეთებას ითხოვს ხელისუფლებისგან.
პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში მიმდინარე ვიზიტზე და მის მიერ გაკეთებულ გზავნილზე, რაზეც მან უპასუხა, რომ მას „არანაირი მანდატი ევროკავშირისგან“ არ აქვს და იგი საქართველოს მხოლოდ მმართველი უმრავლესობის მეგობრის სტატუსით სტუმრობს.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2024 – სადამკვირვებლო მისია არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს და 189 უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)