skip to content
ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლები გაჩხრიკა

24 ოქტომბრის დილიდან, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ჩხრეკა ჩაატარა, რამაც სახელმწიფო ორგანოს მიზნებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. ამ ჩხრეკებიდან რამდენიმეს სამიზნე ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლები გახდნენ. ორგანიზაცია, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებზე მუშაობს.

ინფორმაცია პირველმა გიორგი ნონიაშვილმა, პოლიტიკოსმა და ახლადშექმნილი პარტიის „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა ფეისბუქზე გაავრცელა. მისი თქმით, მისი სახლი გაჩხრიკეს და მისი, მისი მეუღლისას და არასრულწლოვანი შვილის კუთვნილი ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს. ნონიაშვილის მეუღლე სოფო გელავაა, რომელიც ატლანტიკურ საბჭოში მუშაობს.

სოფო გელავას თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ისინი ატლანტიკური საბჭოს მიერ შრომითი ხელშეკრულებებისთვის დაქირავებული კომპანიის მიერ გადასახადებისგან სავარაუდო თავის არიდებას იძიებს. თუმცა გელავას მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიზნები საეჭვოა. მან განმარტა, რომ მისი მუშაობა პირდაპირ პოლიტიკასთან, საქართველოში დეზინფორმაციის და რუსული გავლენის კვლევასთან, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსეთის ჩარევასთანაა დაკავშირებული.

საგამოძიებო სამსახურმა ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლიც გაჩხრიკა. ტელეკომპანია „ფორმულა“-სთან საუბრისას, ბუზიაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს თანამშრომლებმა სახლში შესვლისას მოატყუეს, თითქოს გაზის კომპანიიდან იყვნენ. მან აღნიშნა, რომ ჩხრეკა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. მას ადვოკატთან დაკავშირების უფლებაზე უარი ეთქვა.  

ის დაკითხვაზეა დაბარებული: „ერთადერთი, ახსენეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს“.

მისი თქმით, ჩხრეკის შედეგად მათ წაიღეს მისი ყველა ტექნიკური მოწყობილობა, ლეპტოპის ჩათვლით. „ვმუშაობ სახლიდან და ლეპტოპი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი საქმიანობა უშუალოდ რუსული საინფორმაციო ოპერაციების გამოძიებას მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში; მაგალითად, როგორ ერევიან საქართველოს არჩევნებში რუსეთის წარმომადგენლები, ახლა ამ თემაზე ვმუშაობდი, რომელიც იმედია გამოქვეყნდება იმიტომ, რომ მოვასწარი დაწერა“.

მედიის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის სამი სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს, ესენია ფულის გათეთრება, თაღლითობა და გადასახადებისგან თავის არიდება.

იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასევე ჩაატარა რამდენიმე ჩხრეკა საქართველოში მოქმედ ამერიკულ კომპანიებსა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების სახლებში. სამინისტროს სამსახურში განაცხადეს, რომ ჩხრეკა ე.წ. თაღლითურ ქოლ ცენტრებს უკავშირდებოდა.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ტექნოლოგიური პროგრამებისა და სტრატეგიის საკითხებში, ასე ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის (DFRLab) უფროსმა დირექტორმა, გრემ ბრუკიმ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციის „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი ორი თანამშრომლის – სოფო გელავასა და. ეთო ბუზიაშვილის – სახლებში ჩატარებული ჩხრეკის გამო.

„გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სიცხადეს შეიტანს თავის ქმედებებში, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების დაცულობასა და უსაფრთხოებას, დაუბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს გააგრძელონ საკუთარი წვლილის შეტანა ქართულ დემოკრატიაში. ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ მისი მისწრაფებების დამცველი. ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია აქვეყნებს კვლევას, რომელიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს. ატლანტიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გლობალური მომავლის ფორმირების მისიის სულისკვეთებით. ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით არსებულ სიტუაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შენიშვნა: მასალა განახლდა 25 ოქტომბერს 12:53 საათზე და მას ატლანტიკური საბჭოს გამოხმაურება დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button