ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დეკლარაცია მიიღო
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა 17 ოქტომბერს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ დეკლარაცია მიიღო. დეკლარაციას კონგრესის 76-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 10-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 6-მა კი თავი შეიკავა.
დეკლარაციაში ღრმა შეშფოთებაა გამოხატული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესუსტების გამო. დოკუმენტში უცხოელი აგენტების შესახებ ანტიდემოკრატიული კანონი და ანტი-ლგბტი კანონმდებლობაცაა ნახსენები.
კონგრესი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს „ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობა“ და თავი შეიკავოს საზოგადოების შემდგომი პოლარიზაციისგან, პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხის შექმნისგან, ასევე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შელახვისგან. „საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა გამოხატოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართ“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ამასთან, კონგრესი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტური დაცვის, მათ შორის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და შეკრების თავისუფლების აუცილებლობას.
ხაზს უსვამს რა დემოკრატიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან საქართველოს გადახრის რისკს, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს თავდასხმები ოპონენტებზე და მათი დაშინება, და ითვალისწინებს რა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ასევე 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს, დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. შეიქმნას პირობები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებაში და სრულად, მშვიდობიანად და თანაბრად შეიტანოს წვლილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელისუფლების ყველა დონეზე“.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია კონგრესის ერთგულება საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის გამართვის მიმართ, განსაკუთრებით საქართველოში მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბებდა.
„კონგრესი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდაჭერას ხელისუფლების ყველა დონეზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მან ევროპის საბჭოს რეიკიავიკის დეკლარაციით დაადასტურა და რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას შესაძლოა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/10/2024 – ბუნდესტაგმა „საქართველოს ევროპული მომავლის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო
- 09/10/2024 – ივანიშვილის სანქცირება, ევროკავშირის თანხების გაყინვა, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების გადახედვა – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)