ბუნდესტაგმა „საქართველოს ევროპული მომავლის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო
საქართველოს შესახებ გამართული დებატების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „ევროპული მომავალი საქართველოსთვის“, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს უსვამს ხაზს. რეზოლუცია გერმანიის ფედერალურ მთავრობას საპასუხოდ კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუცია შემდეგი სიტყვებით იწყება: „უპირველეს ყოვლისა, საქართველოს გაბედული სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ ათწლეულების ერთგულების დამსახურებაა, რომ საქართველო 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდა“. აღნიშნავს რა, რომ როგორც „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ მთავრობებმა თავიდან მიაღწიეს პროგრესს ევროკავშირისკენ, რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ „ორივემ უკუსვლა განიცადა“.
„იმ ავტორიტარული და ანტიევროპული კურსის გატარებისას, რომელიც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წამოიწყო, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები შეგნებულად აყენებენ საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საპირისპიროდ“, – ნათქვამია დადგენილებაში.
რეზოლუციაში ასევე ნახსენებია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ნათქვამია, რომ „პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მიზანს უფრო პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე საქართველოს ევროპულ მომავალს და დემოკრატიულ სტაბილურობას“.
ბუნდესტაგი მოუწოდებს გერმანიის ფედერალურ მთავრობას, მიიღოს ზომები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონმდებლობასთან, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან, ანტი-ლგბტ კანონთან და ე.წ. „ოფშორული კანონთან“, ასევე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით.
ბუნდესტაგი მოუწოდებს გერმანიის მთავრობას „დაჟინებით მოითხოვოს“ ევროპულ დონეზე, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესი არ მოხდეს“, სანამ ძალაში იქნება კანონი უცხოელი აგენტების შესახებ.
ის ასევე მოუწოდებს გერმანიის მთავრობას „იმუშაოს“ ევროპულ დონეზე, რათა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდონ გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტ+ ადამიანების უფლებებს. რაც შეეხება ანტი-ლგბტ კანონმდებლობას და საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიღებაც „ქართულ ოცნებას“ სურს, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ისინი წარმოადგენს „თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქ+ თემზე, არამედ ადამიანის უფლებებზე, აზრის თავისუფლებაზე და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“. რაც შეეხება „ოფშორულ კანონს“, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ კანონმა „შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული ძალისხმევა, ასევე ხელი შეუწყოს სანქციების გვერდის ავლას“.
ვინაიდან ზემოთხსენებული კანონმდებლობა ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და უმცირესობების უფლებებს საქართველოში, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს გერმანიის მთავრობას უზრუნველყოს „ბიუროკრატიულად არართული“ მხარდაჭერა რეპრესიული ღონისძიებებით დაზარალებული ჯგუფებისთვის. რეზოლუცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის ზრდისკენაც მოუწოდებს. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისთვის გამოყოფილი ფედერალური დაფინანსება არ იქნება გამოყენებული ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებიდან ჩამოსაშორებლად.
გერმანიის მთავრობას მოუწოდებენ, რომ მხარი დაუჭიროს ეუთო/ოდირისა და PACE-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რათა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, და რომ საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომი განვითარება თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებზე იყოს დამოკიდებული.
რეზოლუცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას „ევროპულ დონეზე მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მთავრობის დემოკრატიული უკუსვლის მიუხედავად, რადგან მისი შეჩერება მთელ მოსახლეობაზე, მათ შორის პრო-ევროპულ ძალებზე მოახდენს გავლენას“.
რეზოლუციაში სანქციებიცაა ნახსენებია. ის გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, თვალი ადევნოს საქართველოში არსებულ ვითარებას და „მხედველობაში მიიღოს ნებისმიერი დარღვევა, რამაც შეიძლება მიზანმიმართული სანქციები გამოიწვიოს“.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს გერმანიის მთავრობას, მოუწოდოს საქართველოს ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს პოლიციისა და პროკურატურის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის მთავრობამ უნდა მოუწოდოს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უნდა დაგმოს რუსეთის ნებისმიერი მცდელობა საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)