skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ერთი დღით ადრე კი მან ქართულ დიასპორასთან გამართა შეხვედრა.

„ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

„პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის „მტკიცე განწყობა“ და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა „სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული“.

ამავე პრესრელიზის თანახმად, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. „შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის“, – ნათქვამია პრესრელიზში.

29 სექტემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ქართულ დიასპორას შეხვდა. განხილულ თემებს შორის იყო „ქართული ქარტია“ და მომავალი არჩევნების ეგზისტენციალური მნიშვნელობა.

„ქარტიაზე ამ პარტიების ერთად დადგომა და მათი ხელმოწერის მიღება არ იიყო მარტივი, მაგრამ მე მგონი, ისინი ნელნელა დარწმუნდნენ, რომ ეს არის სწორი გზა – ამ მომენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, არც დრო და არც გარემო, რომ ჩვეულებრივი არჩევნები ჩატარდეს, სადაც ადამიანები ამა თუ იმ პარტიას ირჩევენ. ეს უფრო გავს რეფერენდუმს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button