„ოსი ძმებისა და დებისთვის“ ბოდიშის მოხდის თაობაზე ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმიანებიან
გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის ომში „გარე“ ძალები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშულა. მისი თქმით, „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ“. თავის გამოსვლაში ივანიშვილს საერთოდ არ უხსენებია რუსეთის პასუხისმგებლობა სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციაზე, რომელიც დღემდე გრძელდება.
„სამოქალაქო საქართველო“ ივანიშვილის განცხადებაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდი
ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: „ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრჯერ ახსენა საქართველო, ძალიან ბევრჯერ ახსენა საქართველოს მომავალი და ეს იყო მისი მთავარი გზავნილები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. მან ასევე ისაუბრა იმ უდიდეს დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა, 2008 წელს, როდესაც მათ გააჩაღეს ომი ჩვენს ქვეყანაში და ასეთივე ომის გაჩაღება სურთ ამ ადამიანებს ახლა. ამისათვის აქვთ მიღებული დავალება, რამენაირად არიონ ვითარება ამ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გააჩაღონ ომი. რაც შეეხება რუსეთს, ყველამ იცის, როგორია ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ახლა რაზეც არის მთავარი სასაუბრო არის ის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ისეთივე მოვლენების განვითარება, რაც განვითარდა 2008 წელს. ოპოზიციას ახლა აქვს ერთადერთი დავალება, მათ ამ ერთადერთი დავალებით სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ გააჩაღონ ისეთივე ომი, როგორიც გააჩაღეს საქართველოში 2008 წელს“.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაჰყვნენ, მათ შორის, ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩრდა ამ ომის დროს როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები და ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს იქნებოდა თუ სხვა დროს… წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონებით, რომელიც თითქოსდა კონფლიქტის მოგვარების საკითხს უნდა მომსახურებოდა, არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა დამნაშავეებად, ომის დამნაშავეებად, რომელთანაც სალაპარაკოც, ალბათ, არაფერი არ აქვთ, მათი გადმოსახედიდან, რაც არის, ფაქტობრივად, სკანდალი, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რა კრიზისში იმყოფება ჩვენი არასამთავრობო სექტორი“.
კახა კალაძე, „ქართული ოცნება“, გენერალური მდივანი, თბილისის მერი: „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. ეს არის სპეკულაციები, ტყუილი, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. რეალურად რა ხდება, „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანა გაამთლიანოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები… დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, არცერთი დაღუპული ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა მათი ბინძური პოლიტიკა, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეს ქვეყანას და ქართველ ხალხს, გარედან მოცემული დავალება შეასრულეს, ამით დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები, ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი აქციეს დევნილად. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, მოუწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად“.
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „მშვიდობით, შერიგებითა და ურთიერთპატიებით ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი აგენტურას უკიდურესად აღიზიანებს. სრული ლუსტრაციაა. (იხ. გარესამთავრობოებისა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლების დღევანდელი რეაქციები ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე). პ. ს. ნაცების ამაზრზენი, სპეკულაციური და კოორდინირებული მესიჯბოქსის საპასუხოდ: არათუ ანწუხელიძის, არავის მკვლელებს არ უხდიან ბოდიშს. მკვლელებს ასამართლებენ! ბოდიშს ჭირისუფლებს უხდიან“!..
ოპოზიცია
ნიკა გვარამია, „კოალიცია ცვლილებისთვის“: „საოკუპაციო ზოლთან, გორში, ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, მისი განცხადება იყო ისტორიის გაყალბების მცდელობა, თან ისტორიის გაყალბება ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. მისი განცხადება რომ – ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ძმების სისხლი დავღვარეთ, როგორც მან განაცხადა, იყო ტყუილი და მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ, ჩვენს ერზე კვლავ ეძალადათ“.
თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „გორში, ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ამაზრზენი, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს… რომ მათ და ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადებაზე პასუხს ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს“.
გრიგოლ გეგელია, „ლელო საქართველოსთვის“: „ეს სამარცხვინო განცხადება ბოდიშთან დაკავშირებით, ერთადერთ მიზანს ემსახურება, ივანიშვილი ააანონსებს კონსტიტუციურ ცვლილებებს, აანონსებს ე.წ. ნეიტრალიტეტს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ჩამოაშოროს საერთაშორისო თანამეგობრობას, მოაქციოს იზოლაციის ველში და რეალურად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს არ დარჩეს არცერთი მეგობარი, პარტნიორი და დამცველი. ამ ყველაფრის ჯამური შედეგი იქნება საქართველოს სრული და საბოლოო იზოლირება საერთაშორისო თანამეგობრობისგან და რუსეთის კლანჭებში სრული და საბოლოო უკვე ოფიციალურად გაფორმებული ჩავარდნა“.
ბექა ლილუაშვილი „საქართველოსთვის“: „რუსეთი როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, როგორც აგრესორი საერთოდ გაიყვანა პასუხისმგებლობის სივრციდან და პირიქით, დასავლურ სამყაროს დასდო ბრალი. ეს იყო ძალიან მძიმე აქცენტები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)