skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჟურნალისტსა და აქტივისტს თავს დაესხნენ

ჟურნალისტ დავით გობეჩიას და მოძრაობა „Hara H-Pitsunda“-ს აქტივისტს ლია აგრბას 15 სექტემბერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, იტყობინება ტელეგრამის არხი Respublica/РЕСПУБЛИКА, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის „პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება“ გამოაქვეყნა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თავდასხმა ე.წ. ხელისუფლების მიერ გაცემული პოლიტიკური ბრძანება იყო ამ პირების წინააღმდეგ, რომელთაც საჯაროდ გააკრიტიკეს კანონპროექტი „აპარტამენტების შესახებ“. „Hara H-Pitsunda“  ოკუპირებულ რეგიონში მიწის გაყიდვას აქტიურად ეწინააღმდეგება.

ორგანიზაციების ინფორმაციით, გობეჩიას და აგრბას თავს დაესხნენ უცნობი ნიღბიანი მამაკაცები, რომლებმაც ორივეს ცრემლსადენი გაზი შეასხეს და გობეჩიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს თავდასხმა არის „აშკარა მცდელობა, რომ ნებისმიერ ფასად აღიკვეთოს ბრძოლა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს დაუყონებლივ გამოავლინონ თავდამსხმელები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება დაუშვებელ მეთოდებს იყენებს უთანხმოების ჩასახშობად და რომ მათ ახლა „აქვთ შანსი გაიმართლონ თავი: დაუყონებლივ გახსნან დანაშაული, რომელსაც ცალსახად პოლიტიკური ელფერი აქვს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button