skip to content
ახალი ამბები

რუსეთი ემუქრება ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსების შეწყვეტით და მოქალაქეობების ჩამორთმევით, მოითხოვს “ვალდებულებების შესრულებას”

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დიმიტრი კოზაკის შეხვედრის პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც აფხაზეთის მედია ავრცელებს, რუსეთი ემუქრება აფხაზეთს დაფინანსების შეწყვეტით და აფხაზი ე.წ. პარლამენტის წევრებისთვის და “ოპოზიციური დეპუტატებისთვის”, რომლებიც ე.წ. აპარტამენტების კანონს ეწინააღმდეგებიან, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით, თუ ოკუპირებული რეგიონი არ შეასრულებს მოსკოვისგან დაკისრებულ “ვალდებულებებს”.

19 აგვისტოს შეხვედრის პროტოკოლი (ხელმოწერილია 26 აგვისტოს) რუსეთის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ევალება შეუწყვიტონ აფხაზეთს დაფინანსება 2024 წლის 1 სექტემბრიდან, მანამ, სანამ ოკუპირებული რეგიონი “უპირობოდ შეასრულებს თავის ვალდებულებებს.” ვალდებულებები მოიცავს სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ “შეთანხმების რატიფიცირებას”; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ „შეთანხმების“ ძალაში შესვლის უზრუნველყოფასა და რუსი ინვესტორებითვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინებზე) შეზღუდვების მოხსნა.

ზემოთ ხსენებული მოთხოვნები “რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის აფხაზეთის რესპუბლიკის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ” ე.წ. შეთანხმების ნაწილია და დოკუმენტში ნახსენებია, როგორც “ვალდებულებები”.

ოქმში გათვალისწინებულია „აფხაზური მხარის (ასლან ბჟანია)” ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე წარადგინოს ინფორმაცია რეგიონის ე.წ. პარლამენტის წევრებისა და „აფხაზური ოპოზიციის ლიდერების“ შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და მოქმედებენ „ რუსეთის ფედერაციის ინტერესების და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით“.

დოკუმენტი ასევე ავალებს რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პარლამენტის წევრებთან “მათი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო რუსული მხარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.”

პროტოკოლი ასევე ავალებს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიაწოდოს აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ინფორმაცია ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში “ექსკლუზიურად კომერციულ საფუძველზე.”


საკამათო კანონი სახელწოდებით “აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ” რუსებს ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების ყიდვის საშუალებას მისცემს, რაც ამჟამად აკრძალულია. ადგილობრივები ერთ წელზე მეტია აპროტესტებენ ამ რეგულაციების მიღებას, რის მიზეზადაც ასახელებენ შეშფოთებას ფასების მკვეთრი ზრდის, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის დაზიანებისა და რეგიონის დემოგრაფიული ბალანსის შესაძლო დარღვევის შესახებ. აფხაზეთში მასობრივი პროტესტის შემდეგ, 2024 წლის 25 ივლისს გადაწყდა ე.წ. კანონპროექტის გაწვევა “დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button